Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი უკრაინაში გააგრძელებს ბრძოლას ამ ქვეყნის მოქალაქეობის აღსადგენად


მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა აქცია ქალაქ მოსტისკის სადგურზე. წარწერა ტრანსპარანტზე: "პოროშენკო, მოვითხოვთ მოქალაქეობა დაუბრუნოთ სააკაშვილს!"
მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა აქცია ქალაქ მოსტისკის სადგურზე. წარწერა ტრანსპარანტზე: "პოროშენკო, მოვითხოვთ მოქალაქეობა დაუბრუნოთ სააკაშვილს!"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდანვე გააგრძელებს ბრძოლას ამ ქვეყნის მოქალაქეობის აღსადგენად. ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც 11 სექტემბერს გაავრცელა პრესასთან ურთიერთობის საკითხებში სააკაშვილის წარმომადგენელმა. ტექსტში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ როგორც უკრაინის, ისე საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როცა სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა და ის, ფაქტობრივად, “მოქალაქეობის არმქონე პირად“ აქცია. ამიტომ სააკაშვილი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს უკრაინის პასპორტი, აპირებს თავისი უფლებების დაცვას კიევის სასამართლოში. საბოლოოდ, უკრაინელი ხალხი იყო ის, ვინც მიხეილ სააკაშვილი საზღვარზე გადაიყვანაო, ნათქვამია პრესრელიზში, რომლის თანახმადაც უკრაინის ხელისუფლებას მანამდე „უკანონოდ“ ჰყავდა გაჩერებული სააკაშვილი და მისი თანხმლები პირები პოლონეთის მხარეს, მედიკა-შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. პრეს-რელიზში გამოთქმული შეფასებით, 10 სექტემბრის მოვლენებმა ცხადჰყო, რომ უკრაინელი ხალხი არ დაუშვებს მათ ქვეყანაში უსამართლობის გამარჯვებას და რომ პოროშენკოს მთავრობისაგან ავტორიტარული ქმედებები უფროა მოსალოდნელი, ვიდრე კრიტიკისათვის თვალის გასწორება. პრესრელიზში ჩამოთვლილი არიან ადამიანები, ვისაც სააკაშვილი მადლობას უხდის დახმარებისათვის და უკრაინაში დასაბრუნებლად მხარდაჭერისთვით. ამ ხალხს შორის არიან უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, პოლონელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის წევრი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ქალიშვილი ჟანა ნემცოვა და რუსი ოპოზიციონერი და პოლიტოლოგი კონსტანტინ ბოროვოი.

XS
SM
MD
LG