Accessibility links

ბათუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ბრალდებულები


ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 2017 წლის მარტში მომხდარი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ბრალდებულები, მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია. მოსამართლემ, დავით მამისეიშვილმა არ დააკმაყოფილა ბრალდებულების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ღოღობერიძე და ჩხვირკია, რომლებიც დანაშაულის ჩადენას უარყოფენ, პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო. თავის მხრივ, პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არსებობს ბრალდებულთა მიმალვის საფრთხე. 2017 წლის 11 მარტს, ბათუმის ცენტრში, საპატრულო პოლიციის მიერ ავტომანქანის მძღოლის დაჯარიმებას მოჰყვა საპროტესტო აქცია, რომელიც რამდენიმე საათში გადაიზარდა მასობრივ არეულობაში. მისმა მონაწილეებმა ქვები და აალებადი სითხის შემცველი ბოთლები დაუშინეს პოლიციის სამმართველოს შენობას. მასობრივი არეულობისას დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის პოლიციელები. სამართალდამცავებმა ჯგუფური, ძალადობრივი მოქმედების ორგანიზების ბრალდებით, აპრილში დააკავეს „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ირაკლი ჩხვირკია.

XS
SM
MD
LG