Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი მოითხოვს გაბათილდეს მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება


საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მოითხოვს ბათილად გამოცხადდეს თურქეთის მოქალაქეების, მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდეს ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. ამ შინაარსის რეკომენდაციით ომბუდსმენმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სოზარ სუბარს მიმართა. სახალხო დამცველის აპარატმა საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დღეს, 25 სექტემბერს განაცხადა, რომ სამინისტრომ ყოველმხრივ და ამომწურავად არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რის შედეგადაც, მიღებული გადაწყვეტილება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სამინისტრომ სრულყოფილად არ შეაფასა თურქეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა გადასაწყვეტ საკითხთან. „კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში არ მიიღო ისეთი გარემოებები, როგორიცაა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა, თურქეთის ხელისუფლების მიერ გაცხადებული სიკვდილით დასჯის სავარაუდო აღდგენის საკითხი, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მიმართ ანტიტერორისტული კანონის გამოყენება, კანონმდებლობის ხარვეზები, სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული სირთულეები და ა. შ.“ - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. ომბუდსმენის შეფასებითვე, მუსტაფა ემრე ჩაბუქის და მისი ოჯახის წევრთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, რის გამოც დღის წესრიგშია მისი ბათილობის საკითხი. თურქეთის მოთხოვნით, ქართველმა სამართალდამცავებმა დემირელის კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. ანკარა ჩაბუქს ადანაშაულებს ოპოზიციონერი ლიდერის, ფეტულა გიულენის „ტერორისტულ ორგანიზაციასთან“ კავშირში. თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. 2017 წლის ივლისში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

XS
SM
MD
LG