Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია განაგრძობს ლას-ვეგასის ტრაგედიის გამოძიებას


აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაკითხა ლასვეგასელი თავდამსხმელის, სტივენ პედოკის მეგობარი ქალი, მერილუ დენლი, რომელიც, აზიაში მოგზაურობის შემდეგ, 4 ოქტომბერს დაბრუნდა აშშ-ში. დენლიმ განაცხადა, რომ პედოკს იცნობდა როგორც კეთილ, მზრუნველ ადამიანს და მისგან არასდროს ყოფილა მინიშნებაც კი, რომ რაღაც საშინელება შეიძლებოდა ჩაედინა. პოლიციის ინფორმაციით, 64 წლის პედოკმა 1 ოქტომბერს ღამით, ლას-ვეგასის სასტუმრო „მანდალეი ბეის“ 32-ე სართულიდან გაუხსნა ცეცხლი ღია ცის ქვეშ მიმდინარე კონცერტის მაყურებლებს. დაიღუპა 59 და დაიჭრა 500-ზე მეტი ადამიანი. ლას-ვეგასის პოლიციისავე ცნობით, პედოკმა თავი მოიკლა სამართალდამცველების მიერ სასტუმროს ნომრის შტურმით აღებამდე. 4 ოქტომბერს, საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე ლას-ვეგასის პოლიციის შერიფმა, ჯოზეფ ლომბარდომ განაცხადა, რომ პედოკის ავტომანქანაში აღმოჩენილია 1600 ვაზნა და 23 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, თუმცა, გამომძიებლებისთვის უცნობია, აპირებდა თუ არა პედოკი აფეთქების მოწყობასაც. ლომბარდოს ინფორმაციით, პედოკს ჰქონდა დანაშაულის ადგილიდან გაქცევის გეგმაც. ამასთან, შერიფს არ განუმარტავს, რის საფუძველზე გამოიტანა პოლიციამ ასეთი დასკვნა. ლომბარდოს თქმით, პედოკი მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალებს. გამომძიებლებს ჯერჯერობით არ აქვთ პასუხი, რამ უბიძგა პედოკს დანაშაულის ჩადენისკენ. 4 ოქტომბერს, ლას-ვეგასში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან საავადმყოფოში მოინახულა თავდასმისას დაჭრილები და შეხვდა პოლიციელებს. პრეზიდენტმა თანადგომა აღუთქვა დაჭრილებსა და დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო პოლიციელებს მადლობა გადაუხადა მოვალეობის მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისთვის.

XS
SM
MD
LG