გაეროს ექსპერტები აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებენ გამოიძიოს ცნობები ადამიანის უფლებების დარღვევაზე გეი და ტრანსგენდერი მოქალაქეების მიმართ - რაც, როგორც იუწყებიან, მოიცავს განურჩეველ დაკავებას, არაადამიანურ მოპყრობას, წამებას და პატიმრობაში ყოფნისას იძულებით სამედიცინო შემოწმებას. "ღრმად შეშფოთებული ვართ საპოლიციო რეიდების ციკლით, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო დედაქალაქ ბაქოში და რომელსაც მოჰყვა 80-ზე მეტი მოქალაქის დაკავება - მათი, ვინც ჰომოსექსუალად, ტრანსგენდერად აღიქმება ან ვინც, მთავრობის ვარაუდით, სექს-მუშაკია" - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც 13 ოქტომბერს გაავრცელა გაეროს ადამიანის უფლებების უწყებამ, ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით. იუწყებიან, რომ დაკავებულებს სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, ელექტროშოკით აწამებენ, აიძულებენ გაიპარსონ - იმ მიზნით, რომ მათ საკუთარ თავზე, ან ნაცნობების შესახებ გასცენ ინფორმაცია. ზოგიერთ მათგანს სრულ იზოლაციაში ათავსებენ. გაეროს ექსპერტები აზერბაიჯანს შეახსენებენ, რომ ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობა და აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულებები მკაფიოდ მოწმობენ - არავინ არ უნდა დაპატიმრდეს მისი რეალური, ან აღქმული სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ან სექს-მუშაკად ყოფნის, თუ ასეთი ეჭვის საფუძველზე.