Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა მეათედ დაადო ვეტო სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტს


რუსეთმა, გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადო აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს, სირიაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის და გაეროს ერთობლივი მისიისთვის მანდატის გაგრძელების შესახებ. მოსკოვმა ვეტოს უფლებით მას შემდეგ ისარგებლა, რაც ვაშინგტონის პროექტს მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 11-მა, თავად რუსეთმა ბოლივიასთან ერთად ხმა წინააღმდეგ მისცა, ჩინეთმა და ეგვიპტემ კი თავი შეიკავეს. 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა ამავე საკითხზე რუსეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის და გაეროს ერთობლივ მისიას 17 ნოემბერს ამოეწურა მანდატი, რომლის გარეშეც ვეღარ შეძლებს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამოძიებას. ორივე პროექტი ითვალისწინებდა მისიისთვის მანდატის გაგრძელებას, თუმცა განსხვავებული ვადებით და პირობებით. აშშ-ის ინიციატივა იყო, რომ მანდატის მოქმედების ვადა ორი წლით გახანგრძლივებულიყო და დადებითად შეფასებულიყო საერთაშორისო კომისიის მუშაობის მეთოდები. რუსეთის წინადადებით, მანდატი მხოლოდ ნახევარი წლით უნდა გაგრძელებულიყო, შეცვლილიყო კომისიის შემადგენლობა და ექსპერტებს თავის ანგარიშებში უნდა ჩაერთოთ სირიის მთავრობის ოფიციალური მასალებიც. რუსეთის პროტესტს ის ფაქტი იწვევს, რომ ოქტომბრის ბოლოს, საერთაშორისო კომისიამ სირიის ხელისუფლებას დააკისრა პასუხისმგებლობა 4 აპრილს, ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვისას მომწამლავი ქიმიური ნივთიერების, ზარინის გამოყენებისთვის. გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ 16 ნოემბერს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ მომზადებული რეზოლუციის დაბლოკვით რუსეთი დათანხმდა სირიაში მომწამლავი ნივთიერებების შემდგომ გამოყენებას, რაც სამხედრო დანაშაულია. ნიკი ჰეილიმ რუსეთის დელეგაციას მიმართა, რომ მას დაეკისრება პასუხისმგებლობა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების მომდევნო ფაქტზე. გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ აშშ დაადანაშაულა სირიაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებისადმი დაუბალანსებელ მიდგომაში. უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, რუსმა დიპლომატმა ჟურნალიტსებს განუცხადა, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ანგარიში სავსე იყო ხარვეზებით და უბრალოდ, სასაცილოდ გამოიყურებოდა. რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში უკვე მეათედ დაადო ვეტო სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტებს.

XS
SM
MD
LG