Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ მუგაბე გადადგა ზიმბაბვეს პრეზიდენტის პოსტიდან


ზიმბაბვეს პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ პარლამენტს მიმართა წერილობითი განცხადებით, რომ ტოვებს პრეზიდენტის პოსტს 37-წლიანი მმართველობის შემდეგ. განცხადების ტექსტი წაიკითხა პარლამენტის თავმჯდომარემ, ჯეკობ მუდენდამ გახარებული დეპუტატების შეძახილების ფონზე. პარლამენტი შეკრებილი იყო 93 წლის მუგაბეს იმპიჩმენტის საკითხის განსახილველად. მუგაბე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იყო, 1980 წლიდან - ანუ ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ - განსაზღვრავდა ზიმბაბვეს პოლიტიკურ ცხოვრებას. იმპიჩმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებულ ბრალდებებს შორის იყო ის, რომ მუგაბე ხანდაზმულობის გამო ვეღარ ართმევს თავს პრეზიდენტის მოვალეობას და საკუთარ ცოლს მისცა „კონსტიტუციური ძალაუფლების უზურპაციის“ საშუალება. გასულ კვირაში, ოთხშაბათს დილით ზიმბაბვეში ხელისუფლებას არმია დაეუფლა და გამოაცხადა, რომ პრეზიდენტის გარშემო „ბოროტმოქმედებს“ ებრძვის. დედაქალაქ ჰარარეში, სადაც შაბათს გაიმართა მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია მუგაბეს გადადგომის მოთხოვნით, სპონტანური ზეიმი მოჰყვა 21 ნოემბერს გავრცელებულ ცნობას.

XS
SM
MD
LG