Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდში დაიწყო გამოძიება გაეროს ტრიბუნალზე მსჯავრდებულის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით


ნიდერლანდში დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, თუ როგორ შეძლო გაეროს ტრიბუნალის სხდომაზე თავის მოკვლა სლობოდან პრალიაკმა - ბოსნიელი ხორვატების ყოფილმა მეთაურმა, რომელიც სამხედრო დანაშაულებისათვის იყო გასამართლებული. პრალიაკმა 29 ნოემბერს შხამი დალია, რაც პირდაპირ ტელეეთერში გადაიცა. 72 წლის მსჯავრდებულმა შხამი მიიღო რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც სააპელაციო კომისიამ ძალაში დატოვა მისთვის გამოტანილი განაჩენი - 20 წლით პატიმრობა ბოსნიის ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისათვის. ჰააგის ტრიბუნალის წარმომადგენლის განცხადებით, პრალიაკი გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც გადაიყვანეს ყოფილი იუგოსლავიის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალიდან. ჯერ არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნივთიერებით მოიკლა თავი მსჯავრდებულმა. ნიდერლანდის პროკურატურის 29 ნოემბრის განცხადებით, ამჟამად გამოძიების მთავარი მიზანია თვითმკვლელობის ხელშეწყობასთან და მედიკამენტების შესახებ კანონის დარღვევასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენა.

XS
SM
MD
LG