Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს აეკრძალა რუსეთის დუმაში შესვლა


რუსეთის სახელმწიფო დუმის სხდომათა დარბაზი
რუსეთის სახელმწიფო დუმის სხდომათა დარბაზი

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ თავის შენობაში მუშაობა აუკრძალა „უცხოეთის აგენტებად“ აღიარებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. აკრძალვა შეეხება რადიო თავისუფლებას და „ამერიკის ხმას,“ რომლებიც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 5 დეკემბერს გამოაცხადა „უცხოეთის აგენტებად.“ სახელმწიფო დუმის მიერ 6 დეკემბერს მიღებული დადგენილებით, დუმაში ვეღარ შევლენ წარმომადგენლები იმ ამერიკული მედიასაშუალებებისა, რომლებიც „უცხოეთის აგენტის“ ფუნქციას ასრულებენ. სააგენტოების, ტასის და ინტერფაქსის ინფორმაციით, სახელმწიფო დუმამ ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა პარლამენტის ზედა პალატას - ფედერაციის საბჭოს და რუსეთის სუბიექტების საკანონმდებლო კრებებს. სახელმწიფო დუმამ 6 დეკემბერს მიღებული დადგენილებით უპასუხა რუსეთის მიერ დაფინანსებული ტელეარხისთვის, Russia Today-სთვის აშშ-ის კონგრესის აკრედიტაციის ჩამორთმევას. აშშ-ში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულ ამ ტელეკომპანიას აკრედიტაცია დაახლოებით ათი დღის წინ ჩამოერთვა. რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ ნოემბერში დაამტკიცა ახალი კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ანიჭებს უფლებას, უცხოური მედიასაშუალებები აღიაროს „უცხოეთის აგენტებად.“ მოსკოვმა ახალი კანონის მიღებით უპასუხა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას „უცხოეთის აგენტად“ დაერეგისტრირებინა ტელეკომპანია Russia Today. ამასთან, ვაშინგტონში არაერთხელ განმარტეს, რომ ამერიკული კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ მნიშვნელოვნად განსხვავდება რუსულისგან და არ ზღუდავს ინფორმაციის და სიტყვის თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG