Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა მოითხოვა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს მოუწოდა საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმირებისკენ. ნიუ-იორკში, 11 დეკემბერს მომხდარი აფეთქების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბოლო ორ თვეში მეორე ტერორისტული თავდასხმა ხაზს უსვამს ამერიკელი ხალხის დასაცავად საკანონმდებლო რეფორმის აუცილებლობას. პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ შესაცვლელია სუსტი საიმიგრაციო სისტემა, რომელიც ბევრ საშიშ ადამიანს აძლევს აშშ-ში ჩასვლის შესაძლებლობას. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირი აშშ-ში ჩავიდა ოჯახური მიგრაციის პროგრამით, რომელიც არ შეესაბამება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. ნიუ-იორკის პოლიციამ ტერაქტად შეაფასა 11 დეკემბერს მანჰეტენზე, ავტოსადგურის მიწისქვეშა ტერმინალში მომხდარი აფეთქება, რომლის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის ეჭვმიტანილი. სამართალდამცავთა ინფორმაციით, თვითნაკეთი მოწყობილობა ააფეთქა 27 წლის ბანგლადეშელმა აკაიდ ულამ, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. შიდა უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებით, აკაიდ ულა აშშ-ში 2011 წელს ჩავიდა ოჯახური საიმიგრაციო ვიზით. ამ სახის ვიზას იღებენ პირები, რომელთა ოჯახის წევრები აშშ-ის მოქალაქეები არიან. ამერიკული პრესის ინფორმაციით, აკაიდ ულა თანაუგრძნობდა ექსტრემისტულ დაჯგუფებას, „ისლამურ სახელმწიფოს.“ მანჰეტენზე თავდასხმა მოხდა ოქტომბრის ბოლოსაც. უზბეკი მიგრანტი, 29 წლის საიფულო საიპოვი ავტომანქანით შეეჯახა ველოსიპედით და ფეხით მოსიარულეებს და სასკოლო ავტობუსს. ამ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი.

XS
SM
MD
LG