Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კონსტიტუციური კანონპროექტი


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი. ქუთაისი
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი. ქუთაისი

საქართველოს პარლამენტმა 115 ხმით, პირველი მოსმენით დაამტკიცა უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-16 მუხლში „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის შესაბამისად დაზუსტდება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები. კერძოდ, ახალი რედაქციიდან ამოღებული იქნება სიტყვები „სახელმწიფო უსაფრთხოება,“ „დანაშაულის თავიდან აცილება“ და „მართლმსაჯულების განხორციელება.“ ცვლილებები შეეხება საარჩევნო სისტემასაც. კონსტიტუციაში აღარ იქნება ე.წ. ბონუსის სისტემა და ახალი ვერსიის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ყველა მანდატი განაწილდება პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. გარდა ამისა, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიების გარდა ექნებათ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებსაც. კანონპროექტის თანახმად, გაფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, 3 თვით გაიზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადა და გაუქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს სასამართლო წყვეტს სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ძალაში რჩება პირდაპირი არჩევნების გაუქმება და იცვლება მხოლოდ ტერმინოლოგია. კერძოდ, ტერმინი „ხმოსანი“ შეიცვლება „საარჩევნო კოლეგიის წევრით.“ განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზანია საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში აისახოს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში გამოთქმული რეკომენდაციები.

XS
SM
MD
LG