Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიები მედიის ხანაში


ავტორი: ხატია იმერლიშვილი

21-ე საუკუნეში, პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირების პროცესში, მედიას საკმაოდ დიდი როლი და პასუხისმგებლობა აკისრია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარება ქმნის პოლიტიკის მედიატიზაცის ფენომენს. თავის მხრივ, მედია ქმნის უნიკალურ შესაძლებლობებს ახალი პოლიტიკური მოღვაწეების თვითრეალიზაციისთვის, სოციალური მოძრაობებისთვის ყურადღების მიქცევისა თუ მხარდამჭერთა მოსაპოვებლად. ამ ყველაფერს ემატება ონლაინ-მედიის მზარდი როლი მსოფლიო მასშტაბით, აქედან გამომდინარე მედიის განვითრებადი პერსპექტივა შესაძლოა პოლიტიკური პარტიებისათვის ერთგვარ საფრთხესაც კი წარმოადგენდეს.

მასობირივი ინფორმაციის საშუალებათა შეფასება წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, იგი განიხილება საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისა და გაბატონებული ფენის ხელისუფლების განმტკიცების ინსტრუმენტად, ხოლო მეორე მხირივ, მედია ხელს უწყობს საზოგადოების პოლიტიზაციას. საინტერესოა რამდენად პოლარიზებულია ქართული მედია და არის თუ არა იგი პარტიული ინტერესებს გამტარებელი?

კვლევების თანახმად, პოლიტიკური პარტიები ყველაზე ნაკლებ ნდობას იმსახურებენ ინსტიტუტებს შორის, ამის საპირწონედ კი მედიას ერთ-ერთი მყარი პოზიცია უკავია. ევროკავშირის წევრ 25 სახელმწიფოში და ლათინო ამერიკის ქვეყნებში, იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობა, რომელიც მედია ინსტიტუტებს ენდობა, უფრო მაღალია, ვიდრე მათი ვინც ნდობას პარტიებს, მთავრობას ან თუნდაც პარლამენტს უცხადებს.

საქართველოში, IRI-ის მიერ, 2016 წელს, ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 74% ნდობას მედიას უცხადებს, ხოლო 16% პოლიტიკურ პარტიებს.

მედიის ამგვარ მზარდ როლს კი მნიშვნელოვანი გავლენა შეუძლია მოახდინოს, პოლიტიკური პარტიის იმიჯსა და რეპუტაციაზე, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით. მეორე მხრივ, თავად პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ, გამოიყენონ მედია ეფექტურად, რადგან თოქ-შოუებისა თუ სხვა პოლიტიკური გადაცემების, პირდაპირი ჩართვების, დებატების მეშვეობით მათ შეუძლიათ დაიკავონ მნიშვნელოვანი საეთერო დრო და გაუგზავნონ საზოგადოებას ღია მესიჯები. როგორც ვხედავთ, ეს პროცესი ორმაგ სარგებელს ეფუძნება, სადაც შესაძლოა ორივე მხარე „გამარჯვებულის“ პოზიციაში აღმოჩნდეს.

წინასაარჩევნო პროცესში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედია ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია. არსებობს რწმენა იმისა, რომ ვინც აკონტროლებს მედიას, ის იგებს არჩევნებს. საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდში არა თუ კანდიდატების, არამედ ტელემაუწყებლობებს შორის იწყება დაპირისპირება, რაც გამოხატულია მათთვის სასურველი კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭებით. სწორედ მედიის საშუალებით ეცნობა საზოგადოება ინფორმაციას საარჩევნო პროცესის შესახებ, პოლიტიკური პარტიების პროგრამებსა და მათ მთავარ ხედვებს. წინაასარჩევნო რეკლამები, გადაცემებში მიწვეული პარტიის წარმომადგენლები, დისკუსიები/დაპირისპირებები პირდაპირ ეთერში, სწორედ ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა კანდიდატებმა საზოგადოების ცნობიერებაზე გავლენა მოახდინონ და „აიძულონ“ ამომრჩეველი მხარი დაუჭიროს მათ.

აღსანიშნავია, რომ მედიამ შეძლო ყველა ასაკობრივი ჯგუფის „მობილიზება“, რაც გამოხატულია იმაში, რომ მოიცვა ყველა სივრცე, იქნება ეს ბეჭდური, ტელე, რადიო თუ ონლაინ მედია. სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების ადამიანს სხვადასხვა გარემო შესთავაზა - ის, რაც მათთვის უფრო კომფორტული და მოსახერხებელია. პარტიებს კი კიდევ უფრო დიდი შრომა სჭირდებათ, იმისათვის, რომ მედიის მიერ შემოთავაზებული ყველა სივრცე მოიცვან და ყველა სოციალური თუ ასაკობრივი ჯგუფისთვის გახდეს მათი იდეები ხელმისაწვდომი.

საქართველოში, მედია პლურალისტური, თუმცა პოლარიზებულია, საზოგადოებისათვის მედია აღიქმება, როგორც პოლიტიკური იარაღი გარკვეული პოლიტიკოსებისა თუ პარტიების ხელში. მედია საშუალებების მფლობელები და დირექტორები ასოცირდებიან მმართველ ძალასთან ან ოპოზიციასთან. გარკვეულწილად, ეს თამაშგარე პოზიციაში ტოვებს იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვინც ვერ აკონტროლებს „მეოთხე ხელისუფლებას“, რადგან მთავარი აქცენტები ამგვარი პარტიული მედიის მხრიდან სწორედ მისი „ფავორიტი“ ძალის სასარგებლოდ კეთდება. მაგალითად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, „რუსთავი 2“-ის ეთერში ყველაზე დადებითად - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაშუქდა, ხოლო ყველაზე უარყოფითად ადგილობრივი ხელისუფლება- დათმობილი დროის 49%-ით, „იმედზე“, კი ,საპირისპიროდ, დათმობილი დროის 52%-ით უარყოფითად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაშუქდა. ანალოგიური შედეგია „ობიექტივთან“ მიმართებით, სადაც 66%-ით, ყველაზე უარყოფითად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო ყველაზე დადებითად „პატრიოტთა ალიანსი“ გაშუქდა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები, მედიას თავანთი მიზნების განსახორციელებლად იყენებენ, ასევე თავად მედია საშუალებებიც აკმაყოფილებენ პარტიების ინტერესს და საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას, იმ სახით, როგორიც მათ მიზნებს ესაჭიროება, გარკვეულწილად ამ გზით პირდაპირ მანიპულირებენ საზოგადოებაზე, ეს ყველაფერი კი შედეგად აისახება ქართულ მედია სივრცეში ბალანსის არარსებობასა და ობიექტური ინფორმაციის მიწოდების სიმცირეზე.

მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მაგალითს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ პოლიტიკური პარტიები მედიის ეპოქაში საკმაოდ დიდი რისკებისა და საფრთხეების წინაშე დგანან, რადგან მოქალაქეები საკმაოდ მარტივად იცვლიან პოზიციებს. ამიტომ, მათ უწევთ მოერგონ არსებულ მედია გარემოს და მაქსიმალურად დაიკავონ ის საეთერო სივრცე, რომელსაც სარედაქციო პოლიტიკა სთავაზობს მათ. საქართველოში კი ეს პირიქით ხდება თავად მედია სივრცე ცდილობს მოარგოს თავისი სარედაქციო პოლიტიკა პოლიტიკური პარტიების ინტერესებს, ამ გზით კი ერთი მხრივ მოიპოვონ რეიტინგი, ხოლო მეორე მხრივ ხელი შეუწყონ მათი „ფავორიტი“ საარჩევნო სუბიექტის წარმატებას საარჩევნო პროცესში.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ჩვენ პრეტენზია გვაქვს, ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა, მაშინ უნდა ვეცადოთ ჩვენი ქვეყნის მედია სივრცეც დემოკრატიული იყოს. მედია უნდა ეცადოს გაიზიაროს ევროპული მაუწყებლობების გამოცდილება, დაიცვას ბალანსი, იყოს მიუკერძოებელი და იზრუნოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 74% მედიას, როგორც ინსტიტუტს ნდობას უცხადებს და აქვს იმედი, რომ იგი აწვდის დაზუსტებულ და ღირებულებებისგან დაცლილ ინფორმაციას. სწორედ ამ გზით შევძლებთ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლებასა და განვითარებას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG