Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბათუმში, მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ბრალდებულები


ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი. 2018 წლის 10 იანვარი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი. 2018 წლის 10 იანვარი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2017 წლის 11-12 მარტის მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ბრალდებულები, მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია და თითოეულ მათგანს მიუსაჯა წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიჩნია, რომ ბრალდება არასწორი კვალიფიკაციით იყო წარდგენილი და განაჩენი უფრო მსუბუქი მუხლით გამოიტანა. 2017 წლის აპრილში დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას პროკურატურამ ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ის გულისხმობს მასობრივი არეულობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, ან ხელისუფლების წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე. 10 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მამისეიშვილმა განაცხადა, რომ ჩადენილია არა 225-ე, არამედ 226-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, რამაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია და ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით, ან აღკვეთით. 10 იანვრის სხდომაზე მოსამართლემ, დავით მამისეიშვილმა განაცხადა, რომ მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია ერთად არ მოქმედებდნენ და საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ ჩაიდინეს ისეთი ჯგუფური ქმედება, რომელსაც თან ახლდა ძალადობა და დარბევა. ამასთან, მოსამართლემ მიიჩნია, რომ ირაკლი ჩხვირკია პაუსიხმგებელია ჯგუფური ორგანიზებისთვის, რადგან, როცა ის ბათუმში ჩავიდა საპროტესტო აქცია თითქმის დაშლილი იყო, ჩხვირკიას შემდგომმა მოქმედებამ კი უზრუნველყო, რომ აგრესიულად განწყობილები აღარ დაიშალნენ და სახელმწიფოს მოუწია დამატებითი საპოლიციო ძალის გამოყენება. მოსამართლემ ასეთივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო მერაბ ღოღობერიძეც, რომლისთვისაც უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას აპირებდა, თუმცა, შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია ის, რომ ღოღობერიძეს 4 შვილი ჰყავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ როგრც დაცვის, ისე ბრალდების მხარეები. 2017 წლის 11 მარტს, ბათუმის საპატრულო პოლიციის მიერ ავტომანქანის მძღოლის დაჯარიმების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქცია 12 მარტს, ღამით გადაიზარდა მასობრივ არეულობაში. დემონსტრანტებმა პოლიციის სამმართველოს შენობასთან დაწვეს ავტომანქანები და დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა. სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად გამოიყენეს სპეციალური საშუალებები. მასობრივი არეულობისას დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის პოლიციელები. მასობრივ არეულობაში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 19 პირის წინააღმდეგ. ორგანიზების ბრალდებით კი, 2017 წლის 23 აპრილს დააკავეს „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ირაკლი ჩხვირკია.

XS
SM
MD
LG