Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ჯანელიძე: შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმება ნატოს ღია კარის პოლიტიკის ჭრილში


მიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე

ნატოს ივლისის სამიტს საქართველოს პოზიტიური მოლოდინი უკავშირდება - როგორც მიღწეული პროგრესის, ასევე შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის კუთხით - ამ შინაარსის განაცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, გააკეთა 19 თებერვალს, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას. მინისტრის მოსმენა ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შედგა.

„2018 წლის სამიტზე ველოდებით, რომ მოხდება ასპირანტი ქვეყნების შეფასება. მოგეხსენებათ საქართველო ასპირანტი ქვეყანაა და შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს შეფასებები არის სამაგალითო, ყველა კომპონენტში, რომელიც მნიშვნელოვანია ნატოში წევრობისთვის. ეს არის: დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება და რაც მთავარია - თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები. ამ მიმართულებით ასევე უპრეცედენტო ნაბიჯები გადაიდგა. თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს უპრეცედენტო რეფორმას, რომელიც ასევე გამოირჩევა უპრეცედენტო თანამშრომლობით ჩვენს პარტნიორებთან და განსაკუთრებით - ამერიკის შეერთებულ შტატებთან“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, ნატოს ივლისის სამიტზე საქართველო წარმოდგენილი იქნება შესაბამის ფორმატებში და შესაბამის დონეზე მოხდება იმ ათწლიანი პერიოდის შეფასება, რომელიც გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო დაპირება ნატოში გაწევრიანების თაობაზე.

„10 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ და ჩვენ მოველით, რომ მოხდება შესაბამის დონეზე ამ პერიოდის შეფასება და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. ასევე მოველით, რომ შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა, რა თქმა უნდა, მოხდება ნატოს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. ასევე ჩვენ ვმუშაობთ პრაქტიკული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რომელიც უკავშირდება ნატოსთან ჩვენს თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში.“

უმაღლესი დონის სამიტს ნატო 2018 წლის 11-12 ივლისს გამართავს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 2017 წლის 20 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ სამიტი გაიმართება ალიანსის ახალ შტაბ-ბინაში, ბრიუსელის აეროპორტის მახლობლად.

XS
SM
MD
LG