Accessibility links

ლონდონმა მოსკოვი გაეროს წინაშე დაადანაშაულა საერთაშორისო ნორმების დარღვევაში


გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომაზე იმსჯელა რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე. გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ჯონათან ალენმა რუსეთი დაადანაშაულა გაეროს წესდების და ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევაში. ალენის განცხადებით, რუსეთმა დამალა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების, „ნოვიჩოკ“-ის შემუშავების პროგრამა. ბრიტანელი ექსპერტების დასკვნით, სკრიპალი და მისი ქალიშვილი სწორედ ამ ნივთიერებით მოწამლეს. ბრალდებას მიუღებელი უწოდა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ, რომელმაც ლონდონს მოთხოვა მოსკოვს წარუდგინოს ე.წ. რუსული კვალის დამადასტურებელი მასალები. ნებენზიას მტკიცებით, რუსეთში არ ხორციელდებოდა არანაირი პროგრამა სახელწოდებით, „ნოვიჩოკი.“ დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ. მისი განცხადებით, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ საბრძოლო ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხიმგებლობა რუსეთს ეკისრება. ჰეილიმ ისაუბრა სირიაში, ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებზეც და განაცხადა, რომ თუ ზომებს სასწრაფოდ არ მიიღებენ დიდი ბრიტანეთის ქალაქი სოლსბერი არ იქნება ბოლო ადგილი, სადაც ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო, 14 მარტს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. გარდა ამისა, ლონდონმა მიწვევა გაუუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, ბრიტანელი მაღალჩინოსნები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები კი არ დაესწრებიან მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც ზაფხულში, რუსეთში გაიმართება. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებითვე, გამკარცდება რუსეთიდან ჩასული კერძო თვითმფრინავების და რუსეთის მოქალაქეთა საბაჟო კონტროლი და გაიყინება რუსეთის სახელმწიფო აქტივები, თუ დადასტურდება, რომ მათი გამოყენება საფრთხეს უქმნის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG