Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენი პო: რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის


კონგრესმენი ტედ პო
კონგრესმენი ტედ პო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ტედ პომ რუსეთი დაადანაშაულა ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში. კონგრესმენმა თავის ოფიციალურ ვებსაიტზე 14 მარტს გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო. „რუსული დათვი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას აჩვენოს თავისი ბოროტი ზრახვები და საერთაშორისო სამართლის და ელემენტარული ადამიანური წესიერების აღმაშფოთებელი უგულებელყოფა“ - ნათქვამია განცხადებაში. კონგრესმენი პო აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ საქართველოში ოკუპირებულ, სამხრეთ ოსეთის რეგიონში დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე და მათგან ერთი, არჩილ ტატუნაშვილი წამების შემდეგ მოკლეს. ტედ პოს განცხადებით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს ოჯახისთვის ცხედრის გადაცემაზე. „მხოლოდ ტერორისტებს და ბოროტებისკენ მიდრეკილ, საძულველ რეჟიმებს შეუძლიათ ასე დაცემა“ - ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენის განცხადებაში. ტედ პო აღნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინის ტირანული რეჟიმი არ კმაყოფილდება მხოლოდ საკუთარი ხალხის გატაცებით და მკვლელობით, სურს თავისი ტირანია გაავრცელოს ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე და რუსული დაშინების ახალ, ბნელ ეპოქაში შეიყვანოს მთელი აღმოსავლეთ ევროპა. „საქართველოში რუსეთის ამ ბოლო აღმაშფოთებელმა ნაბიჯმა ჩუმად არ უნდა ჩაიაროს და რუსეთმა საფასური უნდა გაიღოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის“ - ნათქვამია რესპუბლიკელი კონგრესმენის, ტედ პოს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG