Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა მოსკოვიდან ელჩი გაიწვია


ემანუელ მაკრონი, ტერეზა მეი და ანგელა მერკელი. ბრიუსელი, 2018 წლის 22 მარტი
ემანუელ მაკრონი, ტერეზა მეი და ანგელა მერკელი. ბრიუსელი, 2018 წლის 22 მარტი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები დაეთანხმნენ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, რომ მაღალი ალბათობით, რუსეთია პასუხისმგებელი სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე. ბრიუსელში 22 მარტს გამართული მოლაპარაკების შემდეგ, გვიან ღამით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების შეფასებით, სოლსბერის ინციდენტს არ აქვს სხვა გონივრული ახსნა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ნერვულ-პარალიტიკური ნივთერების გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმას უწოდეს თავხედური გამოწვევა კოლექტიური უსაფრთხოების წინააღმდეგ და ლონდონს გამოუცხადეს უპირობო მხარდაჭერა. ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით, მოსკოვიდან კონსულტაციებისთვის გაიწვიეს რუსეთში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენელი. რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მარტის დასაწყისში მოწამლეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. 4 მარტს, სერგეი და იულია სკრიპალები უგონოდ აღმოაჩინეს ქალაქ სოლსბერიში. მათი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ბრიტანელი ექსპერტების დასკვნით, გამოყენებული იყო რუსული წარმოების ნივთიერება „ნოვიჩოკი.“ სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა და ლონდონიდან გააძევა 23 რუსი დიპლომატი. ანალოგიურ ზომას მიმართა რუსეთმა, რომელიც უარყოფს სკრიპალის მოწამვლასთან კავშირს.

XS
SM
MD
LG