Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში "თალიბანის" საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციას მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ


ავიაიერიშისას დაშავებული ავღანელი ყუნდუზის საავადმყოფოში. 2018 წლის 2 აპრილი
ავიაიერიშისას დაშავებული ავღანელი ყუნდუზის საავადმყოფოში. 2018 წლის 2 აპრილი

რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა ავღანეთის სამთავრობო ძალების მიერ მოძრაობა „თალიბანის“ წინააღმდეგ, ყუნდუზის პროვინციაში განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად. ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 2 აპრილს, ქალაქ ყუნდუზის შემოგარენში, „თალიბანის“ შეკრების ადგილის დაბომბვისას დაიღუპა მოძრაობის სულ მცირე 15 წევრი და 10 დაიჭრა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შეკრებაში მონაწილეობდნენ „თალიბანის“ საბჭოს ხელმძღვანელებიც, რომლებიც ავღანეთში პაკისტანიდან ჩავიდნენ. სააგენტო Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 40 სამოქალაქო პირი, სააგენტო DPA-ს კი ყუნდუზის პროვინციის საბჭოს წევრმა აცნობა, რომ დაღუპულია 60-მდე ადამიანი. საინფორმაციო სააგენტოების ცნობითვე, ავღანეთის სამთავრობო ძალებმა დაბომბეს მეჩეთთან არსებული სასწავლებელი - მედრესე, სადაც დიპლომების გადაცემის ცერემონია მიმდინარეობდა. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ „თალიბანის“ წევრებმა, რომლებიც ყოველწლიურ, საგაზაფხულო იერიშებს გეგმავდნენ, შეკრების ადგილად საგანგებოდ აირჩიეს მედრესე იმ იმედით, რომ შეტევას თავიდან აიცილებდნენ. თავის მხრივ, ექსტრემისტული მოძრაობა „თალიბანი“ ირწმუნება, რომ მისი წარმომადგენლები ავიადარტყმის ადგილზე არ იმყოფებოდნენ. ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო ძალების ამერიკულმა სარდლობამ განაცხადა, რომ ყუნდუზის პროვინციაში განხორციელებულ ავიაიერიშში ამერიკელი სამხედროები არ მონაწილეობდნენ.

XS
SM
MD
LG