Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრიდომ ჰაუსის" შეფასებით, საქართველოში გაუარესებულია დემოკრატიის საერთო მაჩვენებელი


საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში „ქვეყნები გარდამავალ ეპოქაში 2018,“ რომელშიც შეფასებულია დემოკრატიის მდგომარეობა ბალტიისპირეთის, ცენტრალური ევროპის, ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის 29 ქვეყანაში. „ფრიდომ ჰაუსის“ განცხადებით, 29-დან 19 ქვეყანაში გაუარესებულია დემოკრატიის საერთო მაჩვენებელი. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველო, რომლის საერთო რეიტინგი 4,61-დან 4,68-მდე დაეცა. „ფრიდომ ჰაუსი“ შვიდ სხვადასხვა სფეროში არსებულ მდგომარეობას აფასებს სკალით, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია, 7 კი ყველაზე ცუდი. 2018 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში მდგომარეობა გაუარესებულია შვიდიდან ორ სფეროში. მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგი, რომელიც 2017 წელს 4 იყო, გაუარესებულია 4,25-მდე. ამის ძირითად მიზეზებად დასახელებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის პოლიტიზება, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ „რუსთავი 2“-ზე ზეწოლა მის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებებით, ტელეკომპანიების „მაესტრო“-ს და „GDS”-ის საკონტროლო აქციების გაერთიანება და „იმედი“-სთვის გადაცემა, რაც მიჩნეულია ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებულ გარიგებად და თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება. „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებითვე, 4,75-დან 5-მდეა გაუარესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეიტინგი. საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რეფორმების მიუხედავად მაღალია სასამართლო სისტემის პოლიტიზების და სასამართლოსადმი საზოგადოების უნდობლობის დონე. ამ რეიტინგის გაუარესების მიზეზებს შორისაც დასახელებულია აფგან მუხთარლის გატაცების და „რუსთავი 2“-ის მფლობელობის საქმეები. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში მოყვანილია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფის და მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა კავშირების შესახებ. ანგარიშის ამ ნაწილში საუბარია სისხლის სამართლებრივ დევნაზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ეჭვებზე შერჩევითი მართლმსაჯულების შესახებ. სასამართლოს სავარაუდო მიკერძოების ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია 2017 წლის თებერვალში, კომპანია „ფილიპ მორისის“ წარმომადგენლობის დაჯარიმება. ანგარიშის ამ ნაწილში მოხვდა მარიხუანის შენახვის ბრალდებით დაკავებული ბექა წიქარიშვილის საქმეც. „ფრიდომ ჰაუსის“ 2018 წლის ანგარიშის თანახმად, ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს რეიტინგი უცვლელია ხუთ სფეროში - ცენტრალური დემოკრატიული მმართველობა(5,50), საარჩევნო პროცესი(4,50), სამოქალაქო საზოგადოება(3,75), ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა(5,25) და კორუფცია(4,50).

XS
SM
MD
LG