Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო აცხადებს დსთ-დან გასვლის და რუსეთთან მეგობრობის ხელშეკრულების ნაწილების გაუქმების შესახებ


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გამოაცხადა, რომ გეგმავს დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლას და რუსეთთან დადებული მეგობრობის ხელშეკრულების ნაწილების გაუქმებას. პოროშენკომ მთავრობას მოუწოდა პარლამენტარებს წარუდგინონ წინადადება დსთ-დან უკრაინის სრულად გასვლის თაობაზე. კიევი ამ გაერთიანების ასოცირებული წევრია მას შემდეგ, რაც ის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს შეიქმნა. "უკრაინა არასოდეს ყოფილა დსთ-ის [სრული] წევრი და თუ გავითვალისწინებთ დსთ-ის უუნარობას დაეგმო რუსეთის აგრესია [უკრაინაში], ვითხოვ, რომ ჩვენ, მთავრობასთან ერთად, შევადგინოთ წინადადება დსთ-ის ორგანოებში ჩვენი მონაწილეობის ოფიციალური შეწყვეტის თაობაზე" - განაცხადა პოროშენკომ კიევში, უსაფრთხოების საკითხების ფორუმზე, 12 აპრილს. პოროშენკომ ფორუმს ასევე უთხრა, რომ პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც შეეხება უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული, მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების ცალკეული მუხლების დაუყოვნებელ და ცალმხრივ შეწყვეტას. უკრაინა აღმოსავლეთის რეგიონებში, დონეცკში და ლუგანსკში 2014 წლის აპრილის შემდეგ ებრძვის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს - მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე დაამყარა კონტროლი. მოსკოვი უარყოფს ჩარევას უკრაინის შიდა საქმეებში, თუმცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2016 წლის ნოემბერში დაადგინა, რომ კონფლიქტი წარმოადგენს "საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტს უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის". ბრძოლას 10 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 1,6 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. დსთ-ის სრული წევრები, რუსეთთან ერთად, არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდავეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.

XS
SM
MD
LG