Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მედია: ქიმიური იარაღის ექსპერტები ქალაქ დოუმაში ჩავიდნენ


2018 წლის 16 აპრილი: რუსი სამხედროები დამასკთან მდებარე დოუმაში
2018 წლის 16 აპრილი: რუსი სამხედროები დამასკთან მდებარე დოუმაში

სირიის სახელმწიფო მედიის თანახმად, ქიმიური იარაღის საერთაშორისო ექსპერტები ჩავიდნენ ქალაქ დოუმაში, სადაც 7 აპრილს, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღით თავდასხმის შედეგად დაიღუპა 43 ადამიანი. ამ თავდასხმამ კიდევ უფრო გაამწვავა დასავლეთსა და რუსეთს, როგორც სირიის მმართველი რეჟიმის მოკავშირეს, შორის უთანხმოება. სირიის სახელმწიფო ტელევიზიისა და ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „სანას“ თანახმად, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წარმომადგენლები 17 აპრილს ჩავიდნენ დოუმაში. 16 აპრილს ორგანიზაციის თავმჯდომარე აჰმეტ უზუმჯუ აცხადებდა, რომ ექსპერტებს კვლავაც არ უშვებდნენ ადგილზე. 17 აპრილს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობასთან ერთად, მოსკოვს ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა, მაგრამ ბერლინი აპირებს რუსეთის პრეზიდენტთან კომუნიკაციის არხების შენარჩუნებას. მერკელმა, რომელიც 17 აპრილს ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რუსეთთან კომუნიკაციის გაგრძელება. ხოლო კრემლის განცხადებით, პუტინმა და მერკელმა ხაზი გაუსვეს დოუმაზე თავდასხმის „ობიექტური გამოძიების“ მნიშვნელობას. რუსეთი ირწმუნება, რომ არ მომხდარა ქიმიური იარაღით თავდასხმა, მაგრამ კრემლს აქამდე არ მოუყვანია მტკიცებულებები თავისი პოზიციის დასასაბუთებლად.

XS
SM
MD
LG