ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სომხეთში მომხდარ „ხავერდოვან რევოლუციაზე“ გამოხმაურებისას თქვა: აი ასე, ყველას სათითაოდ, უბრალოდ, ბოლოს მოგვიღებენო. პარლამენტისა და მოსახლეობის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას, ლუკაშენკოს არ დაუკონკრეტებია, ვისთვის „ბოლოს მოღების“ საფრთხეს გულისხმობს, თუმცა ახსენა რუსეთი. წინა დღეს, 23 აპრილს, გადადგა სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარქისიანი, რითაც შეასრულა მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სომხეთში მოვლენებმა მშვიდობიანად ჩაიარა. მანვე ყველა მხარეს მოუწოდა, კვლავაც გამოიჩინონ თავშეკავება, დაიცვან კანონები და ადამიანის უფლებები. სერჟ სარქისიანი 10 წელი იყო სომხეთის პრეზიდენტი, ხოლო ალექსანდრ ლუკაშენკოს 1994 წლიდან უკავია სახელმწიფოს ლიდერის პოსტი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18 წელია მართავს ქვეყანას ხან პრემიერ-მინისტრის, ხან პრეზიდენტის რანგში.
ყველაზე პოპულარული
1