Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი: ყარაბაღი სამშვიდობო მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთოს


სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევიდან ერთი დღის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანი გამოვიდა მოწოდებით, რომ მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო მთავრობა უნდა გახდეს ერთ-ერთი მხარე საერთაშორისო შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც მიზნად ისახავს ერევანსა და ბაქოს შორის არსებული კონფლიქტის გადაჭრას. მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს რეგიონს აზერბაიჯანში, რომელსაც ეთნიკური სომეხი ძალები აკონტროლებენ. ფაშინიანი სომხეთის პარლამენტმა 8 მაისს აირჩია პრემიერ-მინისტრად, მას შემდეგ, რაც ის კვირების განმავლობაში ედგა სათავეში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს. მომდევნო დღეს, 9 მაისს ის ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტში ჩავიდა. სომხეთის ლიდერები ტრადიციულად სტუმრობენ ამ რეგიონს 9 მაისს - დღეს, როცა ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ნაცისტური გერმანიის დამარცხებას ზეიმობს. ეს დღე ასევე ემთხვევა სომეხთა ძალების მიერ ქალაქ შუშის დაკავებას 1992 წელს, ყარაბაღის ომის დროს. ყარაბაღის ომს ემსხვერპლა 30,000-მდე ადამიანი, ლტოლვილად იქცა ათასობით პირი. ეუთოს "მინსკის ჯგუფის" ჩართულობით, საერთაშორისო შუამავლობით უკვე სამი ათწლეულია იმართება სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელმაც კონფლიქტის გადაჭრის გზა ვერ გამონახა. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი, რუსეთი და აშშ.

XS
SM
MD
LG