Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: გათავისუფლებულია ადმინისტრაციული წესით 12 მაისს დაკავებული ყველა პირი


საპროტესტო აქცია პარლამენტთან. თბილისი, 2018 წლის 12 მაისი
საპროტესტო აქცია პარლამენტთან. თბილისი, 2018 წლის 12 მაისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გათავისუფლებულია პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი. შსს-ს მიერ 12 მაისს, დღისით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში მითითებული არ არის ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რაოდენობა. სხვადასხვა მონაცემით, წუხელ კლუბ „ბასიანთან“ და საქართველოს პარლამენტთან დააკავეს 60-70 ადამიანი. მათ შორის „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი, პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი. დაკავებულთა შორის აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე მაილო ტრავერსი. შსს-მ უარყო გავრცელებული ინფორმაცია ზვიად გელბახიანის ცემის შესახებ. ინფორმაცია უარყო გელბახიანის ადვოკატმაც. შსს-ს განცხადებით, ის „მხარს უჭერს საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, ამავდროულად, შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის, კლუბებში.“ შსს-ს პოზიციით, ცალკეული კლუბის მიერ ფუნქციონირების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა კლუბის მეპატრონეების კომპეტენციაა. პოლიციამ შუაღამის შემდეგ სპეცოპერაციები ჩაატარა კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში.“ შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულია ნარკოტიკების გამსაღებელი 8 პირი. ამასთან, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით ათობით ადამიანი დააკავეს „ბასიანთან“ და საქართველოს პარლამენტთან, სადაც ახალგაზრდები პროტესტს გამოთქვამდნენ პოლიციის მხრიდან ძალადობის და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო.

XS
SM
MD
LG