Accessibility links

ფრანგმა მინისტრმა ჩეჩნეთის მეთაურს დიქტატორი უწოდა


რამზან კადიროვი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა დაუშვებელი უწოდა ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის განცხადებას ეროვნებით ჩეჩენ ხამზატ აზიმოვზე, რომელიც გასულ კვირაში, პარიზში თავს დაესხა ფეხით გამვლელებს. კადიროვმა აზიმოვის ქმედებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა საფრანგეთის ხელისუფლებას. „ჩვენ არ გვჭირდება გაკვეთილები დიქტატორისგან, რომელიც თავის ქვეყანაში პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას და რომლისთვისაც კარგადაა ცნობილი, რომ ათასობით ჩეჩენი იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს“ - განუცხადა სააგენტო ფრანს-პრესს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, კადიროვმა 13 მაისს Telegram-ზე დაწერა, რომ ჩეჩნეთში დაბადებული ხამზატ აზიმოვი საფრანგეთში გაიზარდა და შეხედულებები იქაურ საზოგადოებაში ჩამოუყალიბდა, ამიტომ დანაშაულის გზაზე მისი დადგომის გამო მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საფრანგეთის ხელისუფლებას. დანით შეიარაღებული 20 წლის აზიმოვი 12 მაისს, პარიზის ოპერის მახლობლად თავს დაესხა ფეხით გამვლელებს. დაიღუპა ერთი და დაიჭრა ოთხი ადამიანი. აზიმოვი შემთხვევის ადგილას მისულმა პოლიციელმა მოკლა. საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის დროს აზიმოვი ყვიროდა: „დიდება ალაჰს.“ პარიზში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ.“ აზიმოვმა დედასათან ერთად საფრანგეთის მოქალაქეობა 2010 წელს მიიღო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG