Accessibility links

მიხეილ ჯანელიძე: მთავრობისთვის მიუღებელია ქვეყანაში ფაშისტური ჯგუფების არსებობა


მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, პირადად მისთვის და მთავრობისთვის მიუღებელია ქვეყანაში ფაშისტური ჯგუფების არსებობა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიხეილ ჯანელიძეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჰკითხა, რას აკეთებს მთავრობა ფაშისტურ ჯგუფებთან საბრძოლველად. „მთავრობა ყოველთვის შეებრძოლება ამ ჯგუფების არსებობას საქართველოში. რაც შეეხება რადიკალურ ჯგუფებს, ამასაც სჭირდება პროცესის მართვა და რა თქმა უნდა, სახელმწიფო გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომ აცილებული იქნას რადიკალიზაცია, რადიკალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება და პირველ რიგში, რუსეთის ინტერესების გატარება საქართველოში“ - განაცხადა ჯანელიძემ.

პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, მინისტრმა შეკითხვას პირდაპირი პასუხი ვერ გასცა. “ძალიან უხერხულია, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი კონკრეტულ შეკითხვას, უნდა განახორციელოს თუ არა სახელმწიფომ ადეკვატური ძალისხმევა, რომ დაუპირისპირდეს ფაშისტურ ჯგუფებს, რომლებიც „ქართული მარშის“ სახელით რეალურად ახორციელებენ რუსეთის დაკვეთას, ვერ სცემს პირდაპირ პასუხს“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. მისივე შეფასებით, რეალურად ამ ჯგუფებს საქართველოს ხელისუფლება მართავს და თავისი მიზნებისთვის იყენებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმყოფებოდა დეპუტატებისთვის ახალი სამთავრობო ინიციატივის, „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციის“ გასაცნობად.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG