Accessibility links

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა ოც წელზე მეტია იკლებს


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 18 მაისს გამოაქვეყნა ანგარიში, ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშების შესახებ, რომლის თანახმად, 1994-2017 წლების პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება. დოკუმენტის თანახმად, ამ პერიოდში შემცირდა როგორც საქალაქო, ისე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა, ურბანიზაციის მაჩვენებელი კი 53,8%-იდან 58,3%-მდე გაიზარდა.

„საქსტატის“ განმარტებით, მოსახლეობის კლება ძირითადად დაკავშირებულია ემიგრაციასთან. სტატისტიკის თანახმად, 1994 წლიდან ქვეყნიდან დაახლოებით 1 260 700 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. სტატისტიკის თანახმად, ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითი იყო 2000 წლამდე და პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით. 1994 წლიდან შემცირდა 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული წილი და 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 20%, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 10,5%-დან გაიზარდა 14,6%-მდე. „საქსტატის“ განმარტებით, 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლის კლება დაკავშირებულია 1990-იანი წლებიდან შობადობის დონის კლებასა და რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის მიგრაციასთან. ამავე დოკუმენტით, 1994 წელს, სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ ქალებისათვის 74 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის 66 წელი შეადგინა, ხოლო 2017 წლისთვის, ეს მაჩვენებელი ქალებისთვის 3,7 წლით, ხოლო მამაკაცებისთვის 3,2 წლით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშება აუცილებელი გახდა 2014 წელს ჩატარებული, მოსახლეობის საყოველთაო აღწერისას მიღებული მონაცემების გამო. „საქსტატი“ ასევე აღნიშნავს, რომ აღწერათაშორის პერიოდში მონაცემების გადაანგარიშება რეკომენდებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

საქართველოში 2002 წელს ჩატარებული აღწერით, მოსახლეობის რიცხოვნობა ოთხ მილიონს აჭარბებდა. თუმცა, 18 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ნათქვამია, რომ 2002 წლის აღწერისას ფაქტიურზე მეტი მოსახლეობა დაფიქსირდა და რეალურად რიცხოვნობა ოთხ მილიონს არ აღემატებოდა. მომდევნო, 2014 წლის აღწერით, რომლის შედეგები 2016 წელს გამოქვეყნდა, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა იყო 3 713 804.

2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რიცხოვნობა დაახლოებით 3 729 000-ია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG