Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილი: უნდა დავამთავროთ პოლიტიკური ჰერმაფროდიტიზმი


შალვა ნათელაშვილი პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე. თბილისი, 2018 წლის 11 ივნისი

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საყოველთაო საპროტესტო მოძრაობის დაწყებას აპირებს. „დღეიდან ევროპის სივრცეში გამოჩნდა ახალი ოლიგარქ-დიქტატორი ბიძინა ივანიშვილის სახით. რეჟიმმა არ იკმარა ახალგაზრდების ჩახოცვა და უკვე გადავიდა შვილმოკლული მამების დარბევაზე და ოპოზიციის წინააღმდეგ აღვირახსნილ რეპრესიებზე“ - განაცხადა ნათელაშვილმა 12 ივნისს გამართულ ბრიფინგზე. ლეიბორისტთა ლიდერის თქმით, ამ ყველაფერს ხალხმა უნდა უპასუხოს გაერთიანებით და მედგარი ბრძოლით. „დასაწყებია საყოველთაო, სახალხო, საპროტესტო მოძრაობა, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს რეჟიმის შეცვლამდე, პარლამენტის თვითლიკვიდაციამდე და ახალი არჩევნების ჩატარებამდე“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. მისი ინფორმაციით, ოპოზიციურ ძალებთან იწყებენ კონსულტაციებს და „ბრძოლის ეტაპების და ფორმების სერიოზულ დაგეგმვას.“

ნათელაშვილმა მოუწოდა დემოკრატიულ სამყაროს, მსოფლიოს ბანკებში გაყინონ ივანიშვილის „კრიმინალური მილიარდები,“ რაც მას „მოტეხავს ფრთებს, რომელიც მიიკერა არა მხოლოდ არჩევნების გაყალბებით, არამედ გარკვეული საგარეო მხარდაჭერითაც.“ ლეიბორისტთა ლიდერის განცხადებითვე, საქართველომ და მსოფლიო თანამეგობრობამ ერთად უნდა ამხილონ „მარაზმი, რომელიც მეფობს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში.“

„უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ჰერმაფროდიტიზმი, რომ პოლიტიკოსები გვინდა, ეხლა აღარ გვინდა, ქუჩაში გვინდა, ტრიბუნაზე არ გვინდა. ეს ყველაფერი არის უშიშროების მიერ გავრცელებული პროპაგანდის მავნე ნაყოფი და ჩვენ უნდა ჩავაბაროთ ისტორიას“ - განაცხადა ნათელაშვილმა. მისივე თქმით, აღვირახსნილ პოლიტიკურ რეჟიმს უნდა დაუპირისპირდეს ოპოზიციური პოლიტიკა. როგორც ლეიბორისტთა ლიდერმა თქვა, „გველის ნაკბენის განეიტრალება ხდება ისევ გველის ინექციით.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG