Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ კვლავ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია დევნილთა შესახებ


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 72-ე სესიაზეც მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 81 ქვეყანამ, 16 წინააღმდეგი იყო, 62-მა კი თავი შეიკავა. 2017 წელთან შედარებით ერთით გაიზარდა რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა და ორით მოწინააღმდეგეების.

12 ივნისს მიღებული რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. რეზოლუციაში აღნიშნულია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, რადგან გაეროს გენერალურ მდივანს მოუწოდებს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობის და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთი დაბრკოლებაა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის.

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა გაეროს წევრ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და ამით თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.

გაეროს გენერალური ასამბლეა საქართველოს მიერ მომზადებულ რეზოლუციას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, 2008 წლიდან იღებს. რეზოლუციას, მისი მიზნებიდან გამომდინარე, ჰუმანიტარულ ხასიათი აქვს და ეფუძნება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG