Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: აშშ-ის კონგრესში წარდგენილია საქართველოსთვის ისტორიული დოკუმენტი


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, ტედ პოს და ჯერი კონოლის. პარლამენტის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა იყო თანათავმჯდომარეების მიერ კონგრესისთვის წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი საქართველოს მხარდაჭერის შესახებ. ირაკლი კობახიძემ კონგრესმენებს, ტედ პოს და ჯერი კონოლის მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის ინიცირებისთვის და მას უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი უწოდა.

„პირველად ხდება, როდესაც ასეთი აქტი შედის ჩვენი მეგობრების ინიციატივით ამერიკის კონგრესში. ამ დოკუმენტში ასახულია ჩვენი გამოწვევები და გამოხატულია ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ყველა მიმართულებით. აქ არის საუბარი მათ შორის, რუსულ აგრესიაზე, იმ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაგმობილი ის მოვლენები, რომლებიც ხორციელდება რუსეთის მხრიდან, მათ შორის, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, დოკუმენტში საუბარია საქართველოს მხარდაჭერის ფორმებზე, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე. პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ კონგრესი ამ დოკუმენტს მხარს დაუჭერს.

კონგრესმენ ტედ პოს განცხადებით, ორპარტიული აქტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ასევე, აშშ-ის პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი. ტედ პომ აღნიშნა, რომ კონგრესმა მკაფიოდ უნდა დაადასტუროს თავისი ერთგულება საქართველოსა და მისი დამოუკიდებლობის მიმართ. „საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც მიუღებელია. როდესაც საკანონმდებლო აქტს მივიღებთ, და ვფიქრობთ, რომ ასეც მოხდება, ეს იქნება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთიანობის კიდევ ერთი კარგი ნიშანი“ - განაცხადა კონგრესმენმა, ტედ პომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG