Accessibility links

საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს


მწვანე - ქვეყანა აკმაყოფილებს სტანდარტს; ყვითელი - ქვეყანა ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს; ნარინჯისფერი - ქვეყნები დაკვირვების ქვეშ; წითელი - ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ტრადიციული ანგარიში მსოფლიოში ადამიანებით ვაჭრობის პრობლემის შესახებ. 2018 წლის ანგარიშში საქართველო რჩება პირველი დონის ქვეყნებს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ადამიანებით ვაჭრობის ლიკვიდაციის მინიმალურ სტანდარტებს. ანგარიშის თანახმად, საქართველომ სერიოზული და თანმიმდევრული ძალისხმევა გამოიჩინა კანონმდებლობის დასახვეწად, გაზარდა იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა რაოდენობა და არასამთავრობო სექტორისთვის გამოყო დამატებითი გრანტები ტრეფიკინგის შესახებ საინფორმაციო-განმარტებითი საქმიანობის და უმეთვალყურეო ბაშვების გამოვლენისა და რეინტეგრაციის მხარდასაჭერად.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლის მხრივ, მთავრობის საქმიანობა გამჭვირვალე არ არის. ანგარიშის თანახმად, ტერფიკინგის არცერთ მსხვერპლს არ მიუღია ფინანსური კომპენსაცია. ჯერჯერობით ისევ არაადეკვატურია ქუჩაში მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირების მხრივ გაწეული სამუშაო. ანგარიშის თანახმად, წინა წლების მსგავსად, შრომის ინსპექციის მანდატი კვლავ ბუნდოვანია, რაც ხელს უშლის დამსაქმებელთა მიმართ ეფექტურ გამოძიებას.

დოკუმენტის თანახმად, საქართველო რჩება სექსუალური ტრეფიკინგის და იძულებითი შრომის დანიშნულების და სატრანზიტო ქვეყნად. ანგარიშის მიხედვით, გოგონები და ქალები სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ ძირითადად, თურქეთში. ამასთან, საქართველო მიმღები და სატრანზიტო ქვეყანაა აზერბაიჯანელი, ყირიგიზი, ტაჯიკი და უზბეკი ქალებისთვის, რომლებსაც პროსტიტუციას აიძულებენ აჭარის ტურისტულ რაიონებში და ბათუმის და თბილისის მსგავს მსხვილ ქალაქებში და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტმანეტის ანგარიშის თანახმად, ქართველი მამაკაცები და ქალები იძულებით შრომობენ როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროში, ეგვიპტესა და კვიპროსზე, საქართველოში მცხოვრებ ქურთ და ბოშა ბავშვებს კი მათხოვრობას, ასევე, დანაშაულის ჩადენას აიძულებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ნათქვამია, რომ არ აქვთ ინფორმაცია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანებით ვაჭრობის შესახებ, თუმცა საქართველოს მთავრობა და არასამთავრობო სექტორი ტრეფიკინგის მხრივ განსაკუთრებით მოწყვლადად მიიჩნევენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG