Accessibility links

მამუკა ბახტაძე: მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს


მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს და ამის დასტური ეკონომიკური ზრდის ბოლო მონაცემებია.

„რამდენიმე წუთის წინ, „საქსტატმა“ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში მიაღწია 7,5%-ს. ასეთი მაჩვენებელი იმის დადასტურებაა, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. ეს ასევე იმის დადასტურებაა, რომ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ და დავაანონსეთ, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები აუცილებლად იქნება დაჩქარებული" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ეფექტიც და წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 50%-ითაა გაზრდილი.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, 27 ივნისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად დაამტკიცა საქართველოს სამწლიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა და ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახადა 42 მილიონი აშშ დოლარი. პრემიერ-მინისტრმა ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდა, გაეცნონ სავალუტო ფონდის დასკვნას, რომელშიც ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების გარდა ასახულია მათ დასაძლევად საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები.

სავალუტო ფონდი ასევე მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია, გაუმჯობესებულია ფისკალური და საგარეო პარამეტრები, მნიშვნელოვანი პროგრესია დაფიქსირებული სტრუქტურული რეფორმების გატარების თვალსაზრისით. ამავე დროს, ფონდი ერთმნიშვნელოვნად მიესალმება ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც ჩვენ დავაანონსეთ,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ბახტაძემ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG