Accessibility links

ზაზა სარალიძე პოლიციაში დაიბარეს ზვიად კუპრავას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო


ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის გამოკითხვა მიმდინარეობს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში. საქმე ეხება „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. გამოკითხვის დაწყებამდე სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არც კი იცის, რა უნდა თქვას, რადგან კანონსაწინააღმდეგო არაფერი მომხდარა.

28 ივნისს, საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ „2018 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1983 წელს დაბადებული მოქალაქე ზ.კ.-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით.“

"ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს ორთვიანი წინასწარი პატიმრობით ჩემს გამომწყვდევას ციხეში. ეს მიზნად ისახავს იმ პროცესების მუხტის ჩახშობას, რაშიც ვართ ჩართული ბატონ ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად” - განაცხადა ზვიად კუპრავამ, რომელიც თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ზვიად კუპრავას სოლიდარობას უცხადებენ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. ​ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი სამართალდამცავებმა 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით. კუპრავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოიხადა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG