Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ მეარაყიშვილი: მათი მიზანია დავრჩე ადვოკატის გარეშე და ჩამსვან ციხეში


თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლებას განუმარტა მიზეზი, რომლის გამოც 2 ივლისიდან იწყებს ერთკვირიან შიმშილობას. აქტივისტის თქმით, ყოველწუთს ირღვევა მისი გადაადგილების, ჯანმრთელობის დაცვის და სამართლიანი სასამართლოს უფლებები, ამიტომ შიმშილობის აქციით სურს სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თანადგომა მოიპოვოს.

ოკუპირებული რეგიონის პროკურატურა თამარ მეარაყიშვილს ბრალად სდებს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და ცილისწამებას პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ. სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც ყველა ამ საქმეს გაყალბებულს უწოდებს, აკრძალული აქვს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დატოვება.

ამასთან, თამარ მეარაყიშვილი დე ფაქტო გენერალურ პროკურორს თავადაც უჩივის აღძრული საქმეების გაჭიანურების და უმოქმედობის გამო. სამოქალაქო აქტივისტმა რადიო თავისუფლებას დღეს უამბო, რომ ორშაბათს ცხინვალის სასამართლოში სხდომა იყო დანიშნული, რის გამოც ახალგორიდან ცხინვალში გაემგზავრა, მისი ადვოკატი კი რუსეთიდან ჩამოვიდა, თუმცა, განუცხადეს, რომ პროკურორი სხდომაზე არ მივა და განხილვა მომავალი ორშაბათისთვის გადაიდო. თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა.

„სიარული კი არ მეზარება, ეს არის დიდ ფინანსებთან დაკავშირებული. ადვოკატთან ხელშეკრულება მაქვს და 11 თვეში უკვე 20 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ერთადერთი რითიც შეიძლება პროკურატურა მომერიოს, ეს არის რომ დავრჩე ადვოკატის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ჩამსვამენ ციხეში და შეიძლება ახალი ბრალდებებიც დამიმატონ“ - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG