Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივნისში საქართველოს ყველაზე მეტი უცხოელი რუსეთიდან ეწვია


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წლის ივნისში საქართველოში შედგა საერთაშორისო მოგზაურთა 727 385 ვიზიტი, რაც 13,8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ოფიციალური სტატისტიკით, წელს ივნისში 2017 წლის ივნისთან შედარებით, 20,7%-ითაა გაზრდილი ტურისტული ვიზიტების რაოდენობა. ივნისში საქართველოს ეწვია 399 989 ტურისტი.

ივნისში, საქართველოს ყველაზე მეტი, 116 357 ვიზიტორი ეწვია რუსეთიდან და ეს მაჩვენებელი შარშან ივნისთან შედარებით 27,5%-ით მეტია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, წელს ივნისში წინა წლის ივნისთან შედარებით, გამორჩეული ზრდა იყო ევროკავშირის ქვეყნებიდან - ნიდერლანდიდან 73%-ით, ჩეხეთიდან 72%-ით, გერმანიიდან 63%-ით, საფრანგეთიდან 44%-ით, პოლონეთიდან 36%-ით და დიდი ბრიტანეთიდან 32%-ით. ჩოგოვაძის განმარტებით, განსაკუთრებული ზრდაა პრიოროტეტული და ახალი ბაზრებიდან, კერძოდ, საუდის არაბეთიდან ტურისტების თითქმის ათასპროცენტიანი ზრდაა, ქუვეიტიდან 395% და არაბთა გაერთიანებული საამიროდან 159%. გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, სამი წლის წინ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ვიზიტები საერთოდ არ ხორციელდებოდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 92%-ითაა გაზრდილი ტურისტების რაოდენობა ჩინეთიდან და 56%-ით ბელორუსიიდან.

ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში შედგა საერთაშორისო მოგზაურთა 3 561 961 ვიზიტი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,6%-ით მეტია. ამავე პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა იყო 1 933 774, ანუ 22,9%-ით მეტი 2017 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, წლის პირველ 6 თვეში ტურისტების განსაკუთრებული, 108%-იანი ზრდა იყო ესტონეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან 51%, ნიდერლანდიდან 46%, ლატვიიდან 45%, გერმანიიდან 44% და საფრანგეთიდან 36%.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში მონახულებულ რეგიონებს შორის ლიდერობენ თბილისი და აჭარა.

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან შეადგენს 799 მილიონ აშშ დოლარს, რაც 28,4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

XS
SM
MD
LG