Accessibility links

სენატორმა კენედიმ პუტინს უწოდა დიქტატორი, რომლის ნდობა არ შეიძლება


ამერიკელი კანონმდებლები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლავროვს 3 ივლისს, მოსკოვში შეხვდნენ

ამერიკელმა სენატორებმა, რომლებიც ახლახან მოსკოვში იმყოფებოდნენ, რუსეთის ხელისუფლება და რუსული მედია დაადანაშაულეს საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან და დეპუტატებთან შეხვედრების თაობაზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში. რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ კენედიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის ნდობა არ შეიძლება და საუკეთესო ვარიანტი მისი შეკავება იქნება. სენატორმა კენედიმ ხულიგანი უწოდა საგარეო საქმეთა მინისტრს, ლავროვს. „რუსეთში არ არსებობს პოლიტიკური ფილოსოფია. მათ მაფიის ფილოსოფია აქვთ. პუტინის ფილოსოფიაა ფული და ძალაუფლება. ის რკინის ხელით მართავს და დიქტატორია“ - განაცხადა სენატორმა, ჯონ კენედიმ. მისივე თქმით, მოსკოვში შეხვედრებისას რუსული მხარე გააფრთხილა, რომ თუ ნოემბერში, კონგრესის არჩევნებში ჩარევასაც გადაწყვეტს, პასუხად მიიღებს უკვე არსებულზე გაცილებით მკაცრ სანქციებს. სენატორ კენედის ინფორმაციით, მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს აღმოსავლეთ უკრაინა და ყირიმი, რეალურად შეუწყოს ხელი სირიაში კონფლიქტის მოგვარებას და ირანს არ მისცეს სირიის სამხრეთში პოზიციების გამყარების შესაძლებლობა.

რესპუბლიკელი სენატორის, ჯერი მორანის განცხადებით, მოსკოვში გამართული არცერთი შეხვედრა არ ყოფილა იოლი და სასიამოვნო და დისკუსიების დროს დასმული იყო უკრაინასა და სირიაში რუსეთის მოქმედებების და აშშ-ის არჩევნებში ჩარევის საკითხები. სენატორ მორანის ინფორმაციით, რუსული მხარის პასუხი იყო ფაქტების უარყოფა და პრეტენზიები აშშ-ის მიმართ.

მოსკოვში კონგრესის დელეგაციის ვიზიტს, რომელიც შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მწვავე კრიტიკა მოჰყვა ამერიკული საზოგადოების ნაწილის, მათ შორის დემოკრატების მხრიდან. პრესით გავრცელდა დელეგაციის ხელმძღვანელის, სენატორ რიჩარდ შელბის განცხადება, რომ მათი სურვილია არა რუსეთის დადანაშაულება, არამედ ურთიერთობების გაუმჯობესება. რუსეთის დუმის დეპუტატმა, ვიაჩესლავ ნიკონოვმა სენატორებთან შეხვედრას უწოდა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და განაცხადა, რომ ამერიკულ არჩევნებში ჩარევის საკითხი მხოლოდ ზოგადად დაისვა და მალე ამოიწურა. აშშ-ის კონგრესის 8 წევრიანი დელეგაცია მოსკოვში 30 ივნისიდან 4 ივლისამდე იმყოფებოდა. ვიზიტი განიხილებოდა ერთგვარ მოსამზადებელ ეტაპად პრეზიდენტების, ტრამპის და პუტინის შეხვედრისთვის, რომელიც 16 ივლისს, ჰელსინკიშია დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG