Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესუთ ოზილმა გერმანიის ნაკრების დატოვების მიზეზად რასიზმი დაასახელა


მესუთ ოზილი
მესუთ ოზილი

გერმანიის ეროვნული ნაკრები დატოვა წარმოშობით თურქმა ფეხბურთელმა მესუთ ოზილმა. მან მიზეზად დაასახელა რასიზმის და უპატივცემულობის განცდა. ოზილმა ტვიტერზე დაწერა, რომ გერმანიის ნაკრების მაისური ყოველთვის ამაყად ეცვა და ყველაფერს აკეთებდა თანაგუნდელებისა და გერმანელი ხალხისთვის, მაგრამ როცა საფეხბურთო კავშირის მოხელეები პატივს არ სცემენ მის თურქულ წარმომავლობას და პოლიტიკურ პროპაგანდაში ჩათრევას ცდილობენ, დგება ბოლო ზღვარი.

2018 წლის მაისში, მესუთ ოზილმა ლონდონში, ერთ-ერთ საქველმოქმედო აქციაზე ფოტო გადაიღო თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან, რომელიც მაშინ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა. ამ ფაქტის გამო გერმანიაში ოზილი მკაცრად გააკრიტიკეს. თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ ფოტო იყო მხოლოდ პატივისცემის გამოხატულება მისი ოჯახის სამშობლოს უმაღლესი თანამდებობის პირისადმი და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის თურქეთუს პრეზიდენტი. ოზილის თქმით, მიზეზის ახსნა სცადა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის, რაინჰარდ გრინდელისთვისაც, რომელიც განმარტების მოსმენაზე მეტად დაინტერესებული იყო საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით და ბრალი დასდო ბოლო საფეხბურთო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ცუდი შედეგის გამოც. ოზილის მტკიცებით რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიიღო გერმანელი გულშემატკივრებისა და პრესისგანაც. ოზილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მას გერმანელად თვლიან, მარცხის შემთხვევაში კი იმიგრანტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG