Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის მთავრობის წევრებს


ენდრიუ ბრანსონი

აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებს, აბდულჰამიტ გიულს და სულეიმან სოილუს. თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის განცხადებით, ამ მინისტრებმა წამყვანი როლი შეასრულეს ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებაში. სანქციების დაწესებამდე ერთი კვირით ადრე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარას მოუწოდა ბრანსონის გათავისუფლებისკენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, მკაცრი ზომებით დაემუქრა.

თურქეთის მთავრობამ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას მტრული უწოდა. საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარა სანქციებს უპასუხოდ არ დატოვებს. ჩავუშოღლუს თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება საგრძნობლად დააზარალებს კონსტრუქციულ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის არსებული სადავო საკითხების მოგვარებისკენ. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამიტ გიულმა მისთვის დაწესებული საბანკო და სავიზო სანქციების საპასუხოდ განაცხადა, რომ თურქეთის საზღვრებს გარეთ არ ფლობს საბანკო ანგარიშებს, ან ქონებას.

ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონი, რომელიც 20 წელზე მეტია თურქეთის ქალაქ იზმირში ცხოვრობს და პატარა ტაძრის წინამძღვარია, 2016 წელს დააპატიმრეს სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმეზე. ბოლო ორი წელია აშშ უშედეგოდ ელოდება პასტორის დეპორტაციას. 50 წლის ბრანსონს ბრალად ედება თანამშრომლობა შეერთებულ შტატებში მცხოვრებ თურქ საზოგადო მოღვაწესთან, ფეთულა გიულენთან, რომელსაც ანკარა მიიჩნევს გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად. ივლისის ბოლოს, იზმირის სასამართლომ ენდრიუ ბრანსონი ციხიდან გაათავისუფლა, შინაპატიმრობა შეუფარდა და თურქეთის დატოვება აუკრძალა. ამერიკელი პასტორის სასამართლო პროცესი 12 ოქტომბერს დაიწყება. ენდრიუ ბრანსონს, რომელიც ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, 35 წლით პატიმრობა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG