თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია 25 ქუჩას სახელებს მიანიჭებს. კომისია ძირითადად იმსჯელებს თბილისში არსებული უსახელო ქუჩებისთვის ახალი სახელების მინიჭების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლა და მისთვის ცხინვალში, წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭება.
მოსკოვის გამზირისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებას რამდენიმე თვეა ითხოვს საზოგადოების ნაწილი. აგვისტოს დასაწყისში, სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა მოსკოვის გამზირზე აბრაც შეცვალა. აქტივისტთა ჯგუფმა ქალაქის მერს მიმართა წინადადებით, რომ ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის სახელწოდების ქუჩას ქართველი გმირის სახელი ეწოდოს. 25 ქუჩიდან ორ ქუჩას მიენიჭება ცხინვალში, საომარი მოქმედებებისას დაღუპული მებრძოლების სახელები. ჩუღურეთის რაიონში, მერაბ მამარდაშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს დაერქმევა ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის გიორგი ქარაიას სახელი, ხოლო ისნის რაიონში, ე.წ.სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭება მებრძოლის უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი.
დაწერეთ კომენტარი