Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში "ნოვიჩოკით" მოწამვლის მეორე ფაქტი OPCW-მაც დაადასტურა


ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის(OPCW) სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ დიდი ბრიტანეთის ქალაქ ეიმსბერიში, ივლისში გარდაცვლილი დონ სტერჯესი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოიწამლა. სტერჯესთან ერთად მოიწამლა მისი მეგობარი ჩარლი როული, რომელიც ექიმების დახმარებით სიკვდილს გადაურჩა. ბრიტანელმა ექსპერტებმა ივლისშივე დაასკვნეს, რომ გამოყენებული იყო რუსული წარმოების „ნოვიჩოკი,“ თუმცა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კვლევის ჩატარების თხოვნით მიმართა ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციასაც. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა დიდ ბრიტანეთში სინჯები ორჯერ აიღეს და ორივე ანალიზით დადასტურდა „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ფაქტი. ლონდონმა ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა და თხოვა, დასკვნა გაუგზავნოს ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერ ყველა ქვეყანას. მათ შორის რუსეთიცაა. დონ სტერჯესი და ჩარლი როული ივნისის ბოლოს იმყოფებოდნენ ქალაქ სოლსბერიში, სადაც მარტში „ნივოჩოკით“ მოწამლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია. სკრიპალების მოწამვლის გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა. კრიტიკული მდგომარეობიდან სკრიპალების გამოყვანას და გამოჯანმრთელებას რამდენიმე თვე დასჭირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG