Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე: "დავდგეთ ერთად, რათა ხვალ შენ არ იყო სისტემის მსხვერპლი"


ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძისა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამები - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციებს იწყებენ.

„ეს არის ჩვენი ბოლო ბრძოლა, ბოლო გამოსვლა ქუჩაში და ჩვენ აქედან ფეხს არ მოვიცვლით, სანამ ჩვენსას არ მივაღწევთ და სანამ ჭეშმარიტება არ იზეიმებს ქვეყანაში. სანამ ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არ დასამარდება და ვიღაც ვიღაცები - ბესელიები, ოხანაშვილები, მდინარაძეები და კობახიძეები - ჩვენი შვილების დამცირებას არ მორჩებიან, მანამდე ვიქნებით აქ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი განმარტებით, აქცია არ არის პოლიტიკური და მისი ორგანიზატორი მხოლოდ თავადაა მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად: „პოლიტიკური ფონი თვითონ მიაწებეს ამ აქციებს და თვითონ უნდათ პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ. არავითარი პოლიტიკური. ამ აქციების ორგანიზატორები ვართ მხოლოდ და მხოლოდ მე და მალხაზ მაჩალიკაშვილი. არავითარი პოლიტიკური. ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ, როგორც ადამიანები დაგვიდგნენ გვერდში. ოცნების გუნდიდანაც, თუ ვინმეს შერჩენია ადამიანობა, გამოვიდნენ და ჩვენ გვერდით ებრძოლონ შერჩევით სამართალს. ყველანი დავდგეთ ერთად, რათა ხვალ შენ არ იყო სისტემის მსხვერპლი“, - ზაზა სარალიძე აქვე აღნიშნავს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების დროებითი საპარლამენტო კომისიის, კერძოდ, „ევროპელი დემოკრატების“ მიერ მომზადებული დასკვნა ემთხვევა მის მოსაზრებებს დამნაშავეთა და დანაშაულის დამფარავ პირთა შესახებ.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მიმართავენ. მათი მიმართვის ადრესატები არიან ასევე ის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველები, რომელთან შეხვედრაც მათ ვერ შეძლეს იმის გამო, რომ სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა ჩაეშალათ: ”მოვუწოდებ იმ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომლებთან ჩასვლა გვინდოდა და არ მოგვცეს ამის საშუალება, აქ ჩამოვიდნენ და ადგილზე გაეცნონ ვითარებას.“

9 სექტემბერს პარლამენტის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე, თავის მხრივ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები პარლამენტის შენობასთან გაგრძელდება უვადოდ, სიმართლის დადგენამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG