Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნესტი ინტერნეიშენალი: რუსეთის პოლიცია კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა მოზარდების დაკავებით


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, ამნესტი ინტერნეიშენალის შეფასებით, რუსეთის პოლიცია კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა, ათობით მოზარდის დაკავებით მშვიდობიან აქციაზე, რომლითაც აპროტესტებდნენ მთავრობის გეგმას საპენსიო ასაკის აწევასთან დაკავშირებით. ლონდონში განთავსებულმა ორგანიზაციამ ეს განცხადება გააკეთა 10 სექტემბერს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს რუსეთის მასშტაბით გამართულ ანტისამთავრობო გამოსვლებზე, რომლებიც დაემთხვა რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებს. აქციებზე გადაღებულ კადრებზე ჩანს, რომ პოლიციელები დროდადრო ძალას იყენებდნენ ხალხის დასაშლელად, მათ ხელჯოხებს ურტყამდნენ და ძალის გამოყენებით მიათრევდნენ. სოციალური მედიით ფართოდ გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია პოლიციის უხეში მოპყრობა მოზარდებთან. ჟურნალისტების და მედიის მუშაკების დამოუკიდებელი პროფკავშირის ცნობით, დაკავებულებს შორის იყო 14 ჟურნალისტი, სამი ჟურნალისტი ნაცემია. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა დაიცვა პოლიციის ნაბიჯები - მისი თქმით, ოფიცრები "კანონის მკაცრად დაცვით" მოქმედებდნენ და ზოგიერთ მათგანს "ხულიგნები და პროვოკატორები" დაესხნენ თავს.

XS
SM
MD
LG