Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სანქციებით ემუქრება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს


აშშ სანქციების დაწესებით ემუქრება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მსვლელობას მისცემენ გამოძიებას აშშ-ის სამხედროების მიერ ავღანეთში ომის დანაშაულების ჩადენის შესახებ ცნობების გარშემო. უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა 10 სექტემბერს ჰააგაში განთავსებულ სასამართლოს უწოდა "უპასუხისმგებლო" და "ნამდვილად საშიში" აშშ-სთვის, ისრაელისთვის და სხვა მოკავშირეებისთვის. "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჩვენთვის პრაქტიკულად უკვე მკვდარია" - უთხრა ბოლტონმა ვაშინგტონში განთავსებულ, კონსერვატიული ორიენტაციის ფედერალისტთა საზოგადოებას. ბოლტონმა ასევე თქვა, რომ ავღანეთის ომის დროს აშშ-ის სამხედროების თუ დაზვერვის წარმომადგენლების მიერ თითქოს ჩადენილი ომის დანაშაულების ნებისმიერი გამოძიება იქნება "აბსოლუტურად უსაფუძვლო, გაუმართლებელი". ბოლტონი გამოვიდა გაფრთხილებით, თუკი სასამართლო მოქმედებას დაიწყებს ჩვენს, ისრაელის ან აშშ-ის სხვა მოკავშირეების წინააღმდეგ, უმოქმედოდ არ ვისხდებითო. მისი თქმით, ვაშინგტონი მზად არის ფინანსური სანქციები და სამართლებრივი ბრალდებები წაუყენოს სასამართლოს წარმომადგენლებს, თუკი ისინი ამერიკელების წინააღმდეგ იმოქმედებენ. "ჩვენ მათ მოსამართლეებს და პროკურორებს აშშ-ში შემოსვლას ავუკრძალავთ. აშშ-ში განთავსებულ მათ ფინანსებს სანქციებს დავუწესებთ და მათ აშშ-ის სამართლებრივ სისტემაში მოვთხოვთ პასუხს" - განაცხადა ბოლტონმა და დასძინა, რომ იგივე ზომები შეეხება ნებისმიერ კომპანიას თუ სახელმწიფოს, რომელიც სასამართლოს ამერიკელების წინააღმდეგ გამოძიებაში დაეხმარება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ერთ-ერთმა პროკურორმა 2017 წლის ნოემბერში ითხოვა გამოძიების დაწყება ცნობებზე ავღანეთში აშშ-ის სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გარშემო, განსაკუთრებით პატიმრებთან მოპყრობის თვალსაზრისით. ბოლტონის თქმით, ამგვარი გამოძიება არც ავღანეთს და არც საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების წევრ რომელიმე სხვა მთავრობას მოუთხოვია. თუმცა, ბოლტონი ამბობს, რომ სასამართლომ ეს გამოძიება შესაძლოა უკვე "ნებისმიერ დღეს" დაიწყოს.

XS
SM
MD
LG