Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მარიხუანის მოხმარება დაისჯება


გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა მარიხუანის მოხმარების შესახებ საკონსტიტიციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელსაც განსახილველად პარლამენტს გაუგზავნის. სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განმარტა, რომ კანონპროექტის თანახმად, „მარიხუანის მოხმარება არ იქნება დასჯადი მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში.“ გახარიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არეალი მაქსიმალურად შემცირებული იქნება. „ყველა სახის მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იქნება დასჯადი. 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანის მოხმარება, ყველა სახის სივრცეში, სადაც არ უნდა მოხდეს, იქნება დასჯადი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი. კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი წესით დაისჯება მარიხუანის მოხმარებაში 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა. გიორგი გახარიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, მისი აღსრულება შსს-ს მისცემს საშუალებას ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანის არალეგალურ მოხმარებას და მოხმარების წახალისებას განსაკუთრებით არასრულწლოვნებს შორის.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ნომერ პირველ ამოცანად დაასახელა შეცვლა „იმ ქაოსის და განუკითხაობის, რომელიც მარიხუანის მოხმარების ნაწილში ბოლო თვეების განმავლობაში დამყარდა.“ გახარიას განცხადებითვე, ლიბერალური და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიმართულებით განვითარების შედეგად, შსს ეფექტურად ვერ ახორციელებდა თავის ფუნქციას და ბოლო წლების განმავლობაში ნარკოდანაშაულის და ნარკომოხმარებისთვის საერთოდ არავინ დაუკავებიათ. “ამას ეხლა ვცვლით და ვაკეთებთ ისეთ რეგულირებას, რომ კონკრეტულად გვეცოდინება მაგალითად, მარიხუანის მოხმარება რა პირობებშია დასჯადი და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამას აღვასრულებთ“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურადაა გამოცხადებული მარიხუანის მოხმარებისთვის როგორც სისხლისსამართლებრივი, ისე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. ამასთან, 30 ივლისის გადაწყვეტილებით, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია, თუ ასეთი ქმედება ხდება სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG