Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე: საქართველოში ეთნოკონფლიქტების არსებობა აგრესორის პროპაგანდის ნაწილია


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

„ჩემი დღევანდელი გზავნილი მსოფლიოს მიმართ იყო ის, რომ ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ეთნიკური კონფლიქტები, ეს არის აგრესორის პროპაგანდის ნაწილი. ჩვენ საქართველოში გვაქვს პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან და ეს მსოფლიო საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს” - ამის შესახებ 27 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლის შემდეგ ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, პოლიტიკური კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. „ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ვდგავართ მშვიდობის გზაზე და დარწმუნებული ვარ, სტრატეგია, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელიც გულისხმობს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და გადაქცევას რეგიონის ცენტრად, აუცილებლად მოიტანს სანატრელ შედეგს ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის, ყველა ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველო საერთო სამშობლოა" - განაცხადა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას აქვს აშშ-ის, ევროკავშირის და ყველა პარტნიორი სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა და ეს ინიციატივა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეპოპულაციის პროცესის შეჩერების საშუალებაა.

"გაეროს ტრიბუნიდან პირდაპირ განვაცხადე, რომ რაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ გვაქვს ინიციატივები, როგორ შევაჩეროთ ეს ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორ შევქმნათ პლატფორმა დიალოგისთვის და საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, ჰქონდეთ წვდომა განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებზე, კომერციულ საქმიანობაზე, რათა ჰქონდეთ ელემენტარული საშუალება, თავიანთი ოჯახები გამოკვებონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებით შევძლებთ, დავიწყოთ ამ ინიციატივის იმპლემენტაცია რეალურ ცხოვრებაში" - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, მსოფლიოში მიმდინარეობს უსაფრთხოების სისტემის ეროზია და ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2008 წელს რუსეთის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ. მამუკა ბახტაძის თქმით, მაშინ ამ აგრესიაზე არ ყოფილა ადეკვატური რეაგირება და შესაბამისად, ეს ეროზია გაგრძელდა.

"ვფიქრობ, მსოფლიო თანამეგობრობას ძალიან კარგად ესმის უსაფრთხოების ფასი და ის, რომ საჭიროა ახალი ინიციატივები, პრინციპული ნაბიჯების გადადგმა, რომ უსაფრთხოება ყველგან იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ რეგიონში, სადაც საქართველო მდებარეობს. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, მათ შორის არაღიარების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ზეწოლაა ბევრ ქვეყანაზე რომ მათ ეს ნაბიჯი გადადგან. ჩვენ გვაქვს მსოფლიო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა თუ არ ჩავთვლით ისეთ რეჟიმებს, როგორიც სირიაშია. აქედან გამომდინარე, ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის ძალიან წარმატებული და კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG