Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის საპატიმროში მყოფ მაია ოთინაშვილთან ადგილობრივი ჟურნალისტები შეუშვეს


მაია ოთინაშვილი
მაია ოთინაშვილი

ცხინვალის საპატიმროში მყოფ ხურვალეთელ მაია ოთინაშვილთან დღეს შეუშვეს ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები. რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა წყარომ უთხრა, რომ საღამოსთვის მზადდება რეპორტაჟები, მათ შორის სავარაუდოდ, ვიდეოკადრების გამოყენებითაც.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს „რესის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, მაია ოთინაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კარგად ექცევიან, ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უჩივის, თუმცა, სახლში დაბრუნება სურს.

სოფელ ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი, რომელსაც სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. 2 ოქტომბერს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „ლენინგორის სასამართლომ“ ოთინაშვილს შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. ამავე კომიტეტის მტკიცებით, მაია ოთინაშვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა „სამხრეთ ოსეთის“ და საქართველოს მოქალაქეებს. მოგვიანებით, ქართულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ეცნობა, რომ მაია ოთინაშვილს არა ორთვიანი, არამედ ათდღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ამასთან, სააგენტო „რესის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში პატიმრობის ვადად ერთი თვეა დასახელებული.

XS
SM
MD
LG