Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-მდე გაიზარდა ქერჩის კოლეჯზე თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა


ქერჩის საავადმყოფო, სადაც დაჭრილები იმყოფებიან
ქერჩის საავადმყოფო, სადაც დაჭრილები იმყოფებიან

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 20 ადამიანია მოკლული პოლიტექნიკურ კოლეჯზე თავდასხმისას. მანამდე დადასტურებული იყო 19 ადამიანის დაღუპვის ფაქტი. ქერჩის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დილიავერ მელგაზიევმა დღეს დილით ჟურნალისტებს აცნობა, რომ დაღუპულია კოლეჯის 15 სტუდენტი და 5 თანამშრომელი. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის, ვერონიკა სკვორცოვას ინფორმაციით, 15 მოკლული სტუდენტიდან 11 არასრულწლოვანია. სკვორცოვას ცნობითვე, ქერჩის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია 10 დაჭრილი, რომელთაგან 5 კომაშია. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, კიდევ 70-მდე ადამიანი კი თვითნაკეთი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიჭრა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში 17 ოქტომბერს მოხდა აფეთქება, რომელსაც სროლა მოჰყვა. ამავე კომიტეტის ცნობით, ხალხი ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა კოლეჯის მეოთხე კურსის სტუდენტმა, 18 წლის ვლადისლავ როსლიაკოვმა, რომელმაც თავი მოიკლა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ჯერ ტერაქტის მუხლით აღძრა, თუმცა, მოგვიანებით კვალიფიკაცია შეცვალა და ამჟამად გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სააგენტო „ინტერფაქსის“ წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელს კონფლიქტი ჰქონდა კოლეჯის ერთ-ერთ პედაგოგთან.

ქერჩის ტრაგედიის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის პროკურატურამაც. მან მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

XS
SM
MD
LG