Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქებისა და სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა


ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქებისა და სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთ-ერთი დაჭრილი. ამის შესახებ ტასი იტყობინება რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მთავრობის მიერ მანამდე გამოქვეყნებული სიის მიხედვით, 15 დაღუპული კოლეჯის სტუდენტები არიან, მათ შორის თავად თავდამსხმელი. მათგან 6 - არასრულწლოვანი. მსხვერპლთა შორისაა ასევე კოლეჯის თანამშრომელი. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, კიდევ 70-მდე ადამიანი კი თვითნაკეთი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიჭრა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში 17 ოქტომბერს მოხდა აფეთქება, რომელსაც სროლა მოჰყვა. ამავე კომიტეტის ცნობით, ხალხი ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა კოლეჯის მეოთხე კურსის სტუდენტმა, 18 წლის ვლადისლავ როსლიაკოვმა, რომელმაც თავი მოიკლა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ჯერ ტერაქტის მუხლით აღძრა, თუმცა, მოგვიანებით კვალიფიკაცია შეცვალა და ამჟამად გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სააგენტო „ინტერფაქსის“ წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელს კონფლიქტი ჰქონდა კოლეჯის ერთ-ერთ პედაგოგთან.

ქერჩის ტრაგედიის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის პროკურატურამაც. მან მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

XS
SM
MD
LG