Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის ბიჭი


ავტორი: ნინი ჯაფარიძე

ისტორია 1993 წლის ზაფხულში დაიწყო

მაშინ ხუთი წლის იყო. მზრუნველი დედა ჰყავდა, შვილს რომ დაჰფოფინებენ ისეთი. მამა ინჟინერი იყო და რძის კომბინატში მუშაობდა. ბებია ზღვასთან ახლოს ცხოვრობდა დასახლს მდგმურებზე აქირავებდა. მეტწილად მოსკოვიდან, კისლოვოდსკიდან და ჟელეზნოვოდსკიდან ჩამოდიოდნენ.

ხუთისრომ გახდა, ძაღლი უყიდეს, რომელსაც ალმა დაარქვა. მას თეთრი, ფუშფუშა ბეწვი ჰქონდა და არასდროს ყეფდა. სტუმრის მისვლაზე გულაღმა წვებოდა და უცხო ადამიანებს თავს აფერებინებდა.

მერე მოვიდა შემოდგომა

სექტემბერი იყო, ახალი ტანსაცმელები უკვე ნაყიდი ჰქონდა. სწავლა იმ სკოლაში უნდა დაეწყო, სადაც თავის დროზე მისი დედ-მამა სწავლობა. ყველაფერი თითქოს დაგეგილი და გაწერილი იყო, მაგრამ 1993 წლის ზაფხულში აფხაზეთის ომი დაიწყო. ომი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. შეცვალა 300 000 ადამიანის და კიდევ, ერთი ბიჭის ცხოვრება.

ომმა მას ოჯახი წაართვა.
ომმა მის ოჯახს პატარა ბიჭი წაართვა.
ომმა მას საკუთარი თავი წაართვა.

თბილისი, 2018 წელი, თვალის კლინიკა

მიმღებში ვართ, რიგის ნომერი 42.

ხელში მიმართვა უჭირავს, რომელიც სოხუმის პოლიკლინიკაში მისცეს. წერია, რომ დიაგნოზი მძიმეა. საჭიროებს დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას, სხვა შემთხვევაში დაბრმავდება. ქართული არ ესმის, მთხოვს, რომ ყველა სიტყვა დეტალურად გადავუთარგმნო. გამოკვლევებს რომ ჩაიტარებს, უკან, სოხუმში უნდა დაბრუნდეს. ტელეფონს იღებს და ბავშვობის დროინდელ ფოტოს მაჩვენებს.

ისტორია N1

ლამაზ შენობასთან პატარა ბიჭი და ახალგზარდა ქალი დგანან - ეს ბიჭვინთაა. გაგრაში დღესაც ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება. ბევრჯერ შეაკეთეს, მაგრამ ისეთივეა, როგორც ომამდე. ეს დედაა, ეს კი მე. ცუდია, როდესაც შენობაზე მეტი იცი, ვიდრე საკუთარ თავზე და ოჯახზე, მაგრამ ასე აეწყო ჩემი ცხოვრება და ვერაფერს შევცვლი. მიყვება ზურა და თან ტელეფონს ათამაშებს.

აფხაზეთის ომმა მას ყველაფერი წაართვა.

ჯერ მამა მოუკლეს, შემდეგ - დედა. ბებია სახლში ჩაკეტეს და დაწვეს. მოხდა ისე, რომ ხუთი წლის ბიჭი, რომელმაც საკუთარი სახელისა და გვარის გარდა არაფერი იცოდა, მარტო დარჩა - ძვირფასი ადამიანების, ოჯახის, სახლის და ოცნებების გარეშე.ღამე თავს ნანგრევებს აფარებდა. დღისით შემწეობას ითხოვდა.

ქუჩაში სამი წელი ვიცხოვრე. ყველაფერი რომ ჩაწყნარდა და ქალაქმა ცხოვრება განაგრძნო, პოლიციელებმა მიპოვეს და ბავშვთა სახლში გამგზავნეს. რომ არა ომი, ალბათ, მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვიქნებოდი. მეყოლებოდა მშობლები და ოჯახი. მერე ცოლს მოვიყვანდი, შვილებს გავზრდიდი, საკუთარ საქმეს წამოვიწყებდი და ბედნიერად ვიცხოვრებდი, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად აეწყო...

13 წლის რომ გახდა, ბავშვთა სახლიდან გაიქცა და ცხოვრება ქუჩაში განაგრძო,რადგან ბავშვთა სახლს, სადაც განუკითხაობა იყო, ისევ ქუჩა ერჩივნა. მერე იყო ციხე: ჯერ რძის კოლოფისთვის დაიჭირეს, შემდეგ -ძარცვისთვის, ბოლოს - ყაჩაღობისთვის. საპატიმროში ცხოვრების თითქმის ნახევარი - 14 წელი გაატარა. როგორც თვითონ ამბობს, არჩევანი არ ჰქონდა. ომის შემდეგ ცხოვრება თითქოს თავისი დინებით წავიდა. არავინ იცის, როგორ მოიქცეოდა სხვა მის ადგილზე, მაგრამ ის ვერ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი და ომის ქაოსში დაიკარგა. ბრმად გაყვა დინებას, რომელმაც არასწორი ცხოვრების გზით ატარა.

იმედგაცრუება

როდესაც 30 წელი იმ იდეით ცხოვრობ, რომ არავინ გყავს და არავის ადარდებ, რთულია გაიაზრო, რომ სადღაც, არც ისე შორს, შენი სისხლი და ხორცი ცხოვრობს. ადამიანი, ვინც გეძებს, ვისაც შეუძლია რომ შეგიყვაროს, მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ და სანაცვლოდ არაფერი მოგთხოვოს. ასეთ დროს ფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გაქვს შანსი, დაიბრუნო ის, რაც წლების წინ დაკარგე.

მაისში უცნობი ქალი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა, რომ მამაჩემის და იყო და წლების განმავლობაში მეძებდა. თბილისში ჩამოსვლამდე ხშირად ვსაუბრობდით. მიყვებოდა დედაზე, მამაზე, იმაზე, რომ სახლში პატარა ლეკვი გვყავდა, რომელსაც სახელი მე თვითონ შევურჩიე. მიყვებოდა, როგორი სიყვარულით მზრდიდნენ მშობლები, როგორ იმედებს ამყარებდნენ ჩემზე და როგორ უნდოდათ, რომ ექიმი გავმხდარიყავი. აფხაზეთის ომის დროს მამიდა ოჯახთან ერთა, პეტერბურგში ცხოვრობდა. საქართველოში მხოლოდ წლების წინ დაბრუნდა.

უძღები შვილი

არ ვიცი, რა მოლოდინი ჰქონდა ჩემგან, მაგრამ დღეს მის თვალებში იმედგაცრუებაა. ჩემი ახალი ოჯახისთვის უძღები შვილი ვარ, რომელიც ვერ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ დაბრკოლებები გადაელახა. ერთხელ მითხრა, თუ ადამიანს უკეთესი ცხოვრება უნდა ამას ყოველთვის მოახერხებსო. რა უნდა მეთქვა, მე ხომსკოლის დამთავრებაც ვერ შევძელი. არასდროს ვიბრძოდი უკეთესო ცხოვრებისთვის, ჩემი მიზანი მხოლოდ გადარჩენა იყო. ამის გაგება კი იმ ადამიანისთვის, რომელსაც ომი არ გამოუვლია, არც ისე მარტივია.

დღეს, ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ვართ. სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და გონებაში ჩაბეჭდილი მოგონებების გარდა არაფერი გვაკავშირებს. წლებმა, რომლებიც ცალცალკე განვვლეთ, ჩვენ შორის ისეთი უფსკრული გააჩინა, რომ ვეჭვობ მისი შევსება როგორმე შევძლოთ.

ერთ თვეში ზურას ოპერაციას გაუკეთებენ. იმედი აქვს, რომ ქართველი ექიმები მხედველობას შეუნარჩუნებენ.

ერთ თვეში ზურა ისევ სოხუმში დაბრუნდება, რადგან თბილისში აღარაფერი დარჩენია. ქალაქი, სადაც ყველაზე დიდი ტკვილი მიაყეს, დღეს მისთვის ყველაზე ახლობელია. სოხუმი ის ადგილია, სადაც იცნობენ და ელოდებიან.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG