Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პოლიცია ორ ადგილას ეძებს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გვამს


თურქეთის პოლიცია ჟურნალისტის, ამერიკული გაზეთის „ვაშინგტონ პოსტ"-ის მიმოხილველის, ჯამალ ხაშოგის გვამს ეძებს სტამბოლის ტყეში და მისგან 90 კილომეტრში მდებარე ქალაქ იალოვის შემოგარენში - ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“-ს აცნობა პოლიციის წარმომადგენელმა. მისი ინფორმაციით, ავტომობილებით სწორედ ამ რაიონებში მოძრაობდნენ და დიდი ხნით ჩერდებოდნენ საუდის არაბეთის წარმომადგენლები, რომლებიც ჟურნალისტის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი. საუდის არაბეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს გაუჩინარდა სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ. 59 წლის ჟურნალისტს საკონსულოში უნდა მიეღო ქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტები. ხაშოგის საცოლე თურქეთში ცხოვრობს.

ანკარა აცხადებს, რომ ჟურნალისტი საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს და დაანაწევრეს და აქვს ამის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი. საუდის არაბეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ხაშოგის გაუჩინარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და საქმეს აუცილებლად გამოიძიებს. თავის დროზე, ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის მმართველი სამეფო ოჯახის მრჩეველი იყო, თუმცა, მოგვიანებით, ოჯახის რისხვა დაიმსახურა და იძულებული გახდა აშშ-ში გადასახლებულიყო. ჯამალ ხაშოგის გამო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს მკაცრი შედეგებით დაემუქრა. ჟურნალისტის გაუჩინარების სასწრაფოდ გამოძიება მოითხოვეს ევროკავშირის და „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოებმა.

XS
SM
MD
LG